სირიის საკითხზე პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს
სირიის საკითხზე პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის საუბრის მთავარი თემა სირიაში ქიმიური იარაღის ობიექტებზე დასავლეთის მიერ განხორციელებული კოორდინირებული იერიში იყო, – ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქმედება გაერო-ს წესდებასა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს უხეშად არღვევს. ლიდერები თანხმდებიან, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებისთვის ორმხრივი ურთიერთქმედების გააქტიურებაა აუცილებელი, – ვკითხულობთ კრემლის განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარში დეესკალაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის სახელმწიფოთა მეთაურები რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დარტყმები სირიაზე სწორ ნაბიჯად შეაფასა.