2021 წლის 21 ემოცია - ხვიჩა კვარცხელიას დუბლი და ისტორიული გამარჯვება შვედეთთან [ვიდეო] #1TVSPORT

სპორტი და ემოცია განუყოფელია. გთავაზობთ ქართველი გულშემატკივრებისთვის 2021 წლის ყველაზე ემოციურ სპორტულ მოვლენებს. ეს შეიძლება იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოური სპორტის ამბები. ყოველდღე თითო 21-წამიან ვიდეოს გამოვაქვეყნებთ და მოვლენას უშუალო მონაწილის სიტყვებით გაგახსენებთ.

2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ბათუმში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთი მიიღო. ამ მატჩის მოგებით შვედეთს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება შეეძლო.

მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ყველა პროგნოზს ხაზი გადაუსვა და ჯგუფის პირველადგილოსანს მოუგო, რომლითაც მსოფლიოს ჩემპიონატისკენ გზა ესპანეთს გაუხსნა.

„ბათუმში ყველა ელოდა ზლატანის გაბრწყინებას. მაგრამ ის და მისი თანაგუნდელები თავად გახდნენ ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისის მომსწრეები, რომელმაც დუბლი შეასრულა“, – წერდა ესპანური გამოცემა „მარკა“.

ხვიჩამ ანგარიში 61-ე წუთზე გახსნა, ხოლო 77-ე წუთზე შვედების კარის მეორედ აღებით დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო და ქართველი გულშემატკივარს უდიდესი სიხარული მიანიჭა.

„ეს თამაში ჩემთვის გამორჩეული იყო. ორი გოლი პირველად გავიტანე როგორც გუნდურ, ისე სანაკრებო კარიერაში. ძალიან კმაყოფილი ვარ და პირველ რიგში ვთვლი, რომ გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რადგან ასეთი მეტოქის, ასე დამარცხება არ არის იოლი. გუნდური წარმატება უფრო მახარებს, ვიდრე ორი გოლი. მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის, ისინი მთელი 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ.

„ჯვაროსნებმა“ მუნდიალის შესარჩევი ეტაპის საშინაო შეხვედრა 9-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგეს. მანამდე ამ ტურნირზე 9-წლიანი მოუგებელი სერია ოქტომბერში კოსოვოსთან პრიშტინაში დამარცხებით შეწყვიტეს.

დატოვე კომენტარი