2019 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2.8 პროცენტით გაიზარდა
2019 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2.8 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის სექტემბერში საქართველოში 917 044 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.8 პროცენტით აღემატება. ამასთან, ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 0.6 პროცენტით და მათმა რაოდენობამ სექტემბერში 539 524 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული მონაცემები კვლავ ჩამორჩება იმ პროგნოზებს, რომელიც საქართველოს ტურიზმის სექტორში ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ზრდის დინამიკის ფონზე არსებობდა.

ამასთან, 2019 წლის სექტემბერში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 20.6 პროცენტით შემცირდა და 147 425 შეადგინა, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 29.9 პროცენტით და 105 572 შეადგინა.

2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში სულ 7 237 560 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 6.6 პროცენტით აღემატება.

დეტალური სტატისტიკა ასეთია: ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +37.8 პროცენტი, გაერთიანებული სამეფო +28.9 პროცენტი, პოლონეთი +26.8 პროცენტი, საფრანგეთი +25.9 პროცენტი, ნიდერლანდები +25.4 პროცენტი და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +130.4 პროცენტი, ყირგიზეთი +84.4 პროცენტი, ყაზახეთი +56.4 პროცენტი, ჩინეთი +48.9 პროცენტი, საუდის არაბეთი +45.6 პროცენტი, ქუვეითი +32.8 პროცენტი და სხვა.

შემოსავლები ტურიზმიდან: წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მლრდ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია.

2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 396 მლნ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.6 პროცენტით ჩამორჩება.

2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა +5 პროცენტი), ხოლო ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.1 პროცენტს უტოლდება.

დატოვე კომენტარი