2019-2020 წლის სამთავრობო პროგრამით, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პროექტი გაგრძელდება
2019-2020 წლის სამთავრობო პროგრამით, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პროექტი გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2019-2020 წლის სამთავრობო გეგმის მიხედვით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტი ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობაა.

დოკუმენტში წერია, რომ გაგრძელდება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად.

„მოხდება სატრანსპორტო სისტემების სრულყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მულტიმოდალური და ინტერმოდალური გადაზიდვებისა და ლოგისტიკური ცენტრების განვითარების ხელშეწყობის გზით; გაგრძელდება მუშაობა ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების TEN-T-ის საინვესტიციო გეგმის შესრულების გზით.

მიმდინარეობს მუშაობა თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ლოგისტიკური სერვისების ერთ კლასტერში თავმოყრას და ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად რეალიზებას.

ასევე, ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ბიძგს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალის განვითარებას.საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, – წერია სამთავრობო გეგმაში.