19-წლამდე ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა [ფოტო-ვიდეო]

ევროშესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა პოლონელ თანატოლებთან გამართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული შეხვედრა რამაზ სვანაძის გუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილს წარმოადგენდა.

ანგარიში პოლონელებმა მე-17 წუთზე გახსნეს. ზუსტად ამდენი დრო დასჭირდათ მასპინძლებს, რომ წონასწორობა აღედგინათ; თავი „საბურთალოს“ თავდამსხმელმა, გიორგი გულიაშვილმა გამოიჩინა  და ანგარიში 1:1 გახდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა; 67-ე წუთზე „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა, გიორგი იაკობიძემ პოლონელთა კარი მეორედ აიღო და როგორც გაირკვა, საბოლოო შედეგი დააფიქსირა-  2:1 საქართველოს სასარგებლოდ.