12 ქულა ფინალში - ბეჟანიშვილი კონფერენციის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
12 ქულა ფინალში - ბეჟანიშვილი კონფერენციის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოის ფაითინ ილინი“ ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Ten-ის კონფერენციის ჩემპიონია.

ეს არის NCAA-ის ერთ-ერთი წამყვანი კონფერენცია, რომელსაც ეროვნული რეიტინგის 25-ეულში 5 წარმომადგენელი ჰყავს – „მიჩიგანი“, „ილინოისი“, „აიოვა“, „პერდიუ“ და „ოჰაიო“. ამაზე მეტი – შვიდი გუნდი რეიტინგის მოწინავეებში მხოლოდ კონფერენცია Big 12-ს ჰყავს.

ბეჟანიშვილისთვის კონფერენციის პლეი ოფში მოგებული 3 მატჩიდან საუკეთესო ფინალი იყო, თუმცა მიყოლებით განვიხილოთ.

ილინოის“ პლეი ოფში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაება, სადაც „რატგერს სკარლეტ ნაიტსს“ 90:68 სძლია.

ბეჟანიშვილმა მოედანზე 10 წუთი გაატარა, 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, პასივში კი 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდი დამაჯერებლად გამოიყურებოდა ნახევარფინალშიც, სადაც აიოვა „ჰოუქაისი“ 82:71 დაამარცხა.

ქართველმა ლეგიონერმა ამჯერად 13 წუთი ითამაშა, 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.

ფინალში ბეჟანიშვილის გუნდს არა კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული „მიჩიგანი“, არამედ მეხუთეადგილოსანი „ოჰაიო სტეიტი“ შეხვდა. თუმცა გამარჯვება ძალიან გაუჭირდა. მართალია, ილინოისელები მატჩის შუაწელში 17 ქულით იგებდნენ, მაგრამ „ოჰაიომ“ იბრძოლა და ძირითადი დროის ბოლო წუთებზე ანგარიში გაათანაბრა – 77:77. ოვერტაიმში „ილინოისმა“ გამარჯვება აღარ დათმო (91:88) და კონფერენციის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ბეჟანიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. გიორგიმ მოედანზე 16 წუთი გაატარა, 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი და ექვსივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ძირითადი დროის ბოლო წუთზე გადაინაცვლა, როდესაც მე-5 პერსონალური მიიღო.

ბეჟანიშვილის გუნდს ახლა NCAA-ის ფინალური ტურნირი ელის, რომელსაც „მარტის სიგიჟეს“ უწოდებენ და რომელშიც სრულიად სტუდენტური ლიგის 64 საუკეთესო გუნდი ასპარეზობს.

gbf.ge