სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწები საქართველოში
ვის აქვს საქართველოს ახალი კონსტიტუციით სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის უფლება , რას გულისხმობს 2017 წელს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი, რა პრობლემები შეიქმნა ამ მიმართულებით და რა ცვლილებების განხორციელებაა მოსალოდნელი.
სტუმრები: ნიკა ნანუაშვილი – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი; ვეფხია გიორგაძე – “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის” პრეზიდენტი.
მერაბ ქვარაია – ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი (სატელეფონო ჩართვა )
“საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები 140 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, მისი ფართობი მთლიანობაში სამ მილიონ ჰექტარს მოიცავს, აქედან ძალიან მცირე ნაწილია განკერძოებული, შესაბამისად, სავარგულების უმეტესობა ეკონომიკურ ბრუნვაში არ არის, რითაც ქვეყანა ფინანსურ დანაკარგს ღებულობს”-განაცხადა ვეფხია გიორგაძემ.
“საქართველოში მიწის უდიდეს ნაწილს არაეფექტურად ვიყენებთ, რის გამოც ეს მის მცირე მოსავალს იძლევა; ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ქართული მიწის უცხოელის ხელში აღმოჩენის, რამდენადაც მის მიერ ამ სავარგულის ეფექტურად გამოყენება მომგებიანია არა მარტო მისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. უნდა გავცდეთ ეროვნულ სენტიმენტებს და გავიაზროთ, რომ საქართველოში ჩრდილოელი მეზობლის გარდა ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს. დღეს ქართული მიწისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ დაუმუშავებელია. ქვეყანაში დღეს უცხოელები მიწის მხოლოდ 5 პროცენტს ფლობენ. რაც შეეხება დარჩენილ 95 პროცენტის, ის დღეს სავალალო მდგომარეობაშია” – განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.