პიკის საათი - 31.07.2025
პიკის საათი - 31.07.2025

1) „მილენიალების თაობა „ჰარი პოტერთან“ ერთად გავიზარდეთ“

„90-იან წლებში, როდესაც ბავშვებმა ცოტა ხნით გადადეს წიგნი, ჯოან როულინგმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და ახალ თაობას თავიდან ააღებინა წიგნი ხელში. „ჰარი პოტერის“ განსაკუთრებულობა მის, ერთი შეხედვით, სიმარტივეშია, იმდენად მარადიულ თემებს მოიცავს – სიყვარული, მეგობრობა, კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება, სოლიდარობა, სამართლიანობა… ამ თემებით შემოგვთავაზა მან ზღაპრული ამბავი“, – ნინკა მამულაშვილი.

31 ივლისი ჯოან როულინგის დაბადებისა და „ჰარი პოტერის“ დღეა.

„ბავშვობაში ქალთევზობა მინდოდა. მერე უკვე ჰოგვარდსიდან წერილის მოლოდინმა ჩაანაცვლა ეს ოცნება. მიამიტურად ველოდი, რომ წერილი აუცილებლად მომივიდოდა და იმედი მქონდა, რომ მაგლი არ ვიყავი“, – ნინკა მამულაშვილი.

რესპონდენტი: ნინკა მამულაშვილი – კულტურის კრიტიკოსი.

 

2) „ერმეს მედია“ – ქართულ-იტალიური და საემიგრაციო მედია

„გარდა იმისა რომ ქართული კულტურის პოპულარიზაციას ვეწევით იტალიაში და პირიქით – იტალიის კულტურისა საქართველოში. ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შეიძლება ჩვენი მედია აკეთებდეს, ეს არის 24 საათიან რეჟიმში ემიგრანტების სამსახურში ყოფნა. ემიგრაციის დიასპორის მაჯისცემაზე გვიდევს ხელი“, – ნინა მამუკაძე-სორდინი.

სტუმარი: ნინა მამუკაძე-სორდინი – ქართულ-იტალიური მედიის დამფუძნებელი, ჟურნალისტი.

 

3) ზრუნვა, უსაფრთხოება, ბუნებისა და ადამიანის სიყვარული – 31 ივლისი რეინჯერის მსოფლიო დღეა!

„მე ლაგოდეხელი ვარ და აქაურობა ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან მესმოდა „ნაკრძალი“ და „დაცული ტერიტორია“. ტყე კი ყველამ კარგად ვიცით რა არის, მაგრამ ბავშვმა ნამდვილად არ იცის რას ნიშნავს ნაკრძალი და დაცული ტერიტორია. რომ წამოვიზარდე მერე გავაცნობიერე რამხელა მასშტაბის რესურსთან გვაქვს საქმე და როგორი დაცვა სჭირდება. ამიტომ, სწავლა დავასრულე თუ არა, დავბრუდი და ამ საქმეს მოვკიდე ხელი“, – დაჩი მჭედლიშვილი.

31 ივლისს რეინჯერის მსოფლიო დღე აღინიშნება.

დღე, რომელიც ბუნებრივი რესურსების, ველური ბუნებისა და ეკოსისტემების მცველ, მართლაც გმირებს მიაგებს პატივს.

„ჩვენი ნაკრძალი ერთ-ერთი გამორჩეული დაცული ტერიტორიაა, რითიც მთელი გუნდი ვამაყობთ. მაგალითად, მხოლოდ ჩვენთან იზრდება ყვავილის იშვიათი ჯიში „იულიას ფურისულა“, რომლის ნახვაც ვიზიტორს ადრე გაზაფხულზე შეუძლია“, – დაჩი მჭედლიშვილი.

რესპონდენტი: დაჩი მჭედლიშვილი – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: