პიკის საათი - 30.04.2025
პიკის საათი - 30.04.2025

1) იოსებ ნონეშვილი – 105

7 მაისს პოეზიის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორი საიუბილეო თარიღი – 105 წელი პოეზიის დღის დაწესების და 105 წელი სახალხო პოეტ იოსებ ნონეშვილის დაბადებიდან აღინიშნება.

საღამო გაიხსნება თამარ ნონეშვილის კერამიკული ნამუშევრებისა და ხელკაზმების გამოფენით – სახელოწოდებით „ყვავილების მეჯლისი“.

რესპონდენტები: სანდრო ნონეშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; იოსებ ნონეშვილის შვილი.

თამარ ნონეშვილი – ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი.

ნინო გედენიძე – ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი 20 წლისაა

საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი 2025 წლის 2 მაისს გაიხსნება და 3 ივნისს დაიხურება.

ფესტივალი დაარსდა 2006 წელს და დაარსების დღიდან ატარებს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ს სახელს. მისი მიზანია ეროვნული და მსოფლიო აკადემიური ხელოვნების პოპულარიზაცია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, საორგანიზაციო და შემოქმედებით პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და საგანგებოდ, შემოქმედებითი ახალგაზრდების მიღწევების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების; საგანმანათლებლო მისიის შესრულება, ძირითადად მასტერკლასების სახით.

წლების მანძილზე ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელებად მოწვეულები იყვნენ ეროვნული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები: მარინე იაშვილი, ბიძინა კვერნაძე, ლიანა ისაკაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ალექსანდრე კორსანტია, ნიკოლოზ რაჭველი, ვალერიან შიუკაშვილი, იანო ალიბეგაშვილი, მუდმივი საპატიო სამხატვრო მრჩეველი ალექსანდრე კორსანტია.

ფესტივალის შემოქმედებითი ისტორიის მანძილზე მოწვეულები იყვნენ მსოფლიო საშემსრულებლო და საკომპოზიციო ხელოვნების გამოჩენილი ადამიანები. ფესტივალი არაერთხელ დასახელდა წლის წარმატებულ საერთაშორისო პროექტად.

სტუმარი: მანანა ხვედელიძე – საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი.

 

3) საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი თსუ-ში

30 აპრილს საქართველოში ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნება.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება:

  • უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვა ფასდაკლებით.
  • ახალი გამოცემების პრეზენტაციები, მათ შორის თარგმნილი სახელმძღვანელოების.
  • სახელმძღვანელოს „ეკონომიკური აზროვნების წესი“ წარდგენა (რედაქტორი: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე).
  • პოეზიის საღამო, სადაც სტუდენტები წაიკითხავენ ლექსებს თსუ-ის ლიტერატურული ალმანახიდან „პირველი სხივი“.
  • რარიტეტული წიგნების აღდგენის მასტერკლასი თსუ-ის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების თანამშრომლების მონაწილეობით.
  • ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენა.
  • ქართული საოპერო კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტების მონაწილეობით.

დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

სტუმარი: ზურაბ გაიპარაშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: