პიკის საათი - 25.04.2023
პიკის საათი - 25.04.2023

1) შრომა ფასდება

108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილი სკვერის მაკეტი სულ მალე გაცოცხლდება.

პროექტის მიხედვით, სკვერი მესამე მასივში, X კვარტალი, კორპუსი 23-ის მიმდებარედ, 3 200 კვ. მეტრის ფართობზე მოეწყობა.

რესპონდენტები: ლალი სურმავა – მათემატიკის მასწავლებელი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) „ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში“

გამოიცა ნესტან ბლუაშვილის წიგნი „მეჩეთები სამცხე-ჯავახეთში – საქართველოს ისლამური კულტურული მემკვიდრეობა“ (გამომცემლობა „არტანუჯი“), რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძალზე საინტერესო და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ნაწილის, ისლამური საკულტო ძეგლების გაცნობას ისახავს მიზნად.  ეს ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, თავი მოუყაროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მეჩეთების შესახებ ზოგად ინფორმაციასა და შესაბამის ფოტომასალას.

რესპონდენტები: ლევან ლორთქიფანიძე – „კავკასიური სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე, ირაკლი ირემაძე – „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნესტან ბლუაშვილი – ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი, ნესტან ანანიძე – „სოლიდარობის თემის“ წარმომადგენელი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „მიმართვის ფორმები ახალ ქართულში: სტრუქტურა და ფუნქციონირება“

– თითქმის ყველა უცხოელი ქართველოლოგი მისი აღზრდილია!

– თითქმის ყველასთვის ეცალა გარდა საკუთარი თავისა!

– მან თანაბრად მაღალი თამასა დაუწესა სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობას!

– მას ყველაზე უკეთ მიემართება ლათინური გამოთქმა: Omnia mea mecum porto – ყველაფერი, რაც გამაჩნია თან დამაქვს.

გამოიცა  პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნი „მიმართვის ფორმები ახალ ქართულში: სტრუქტურა და ფუნქციონირება“ ამ ნაშრომით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ახალი საერთაშორისო რეფერირებადი სერიის გამოცემას სახელწოდებით „ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა.“ ამ მონოგრაფიით ავტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუს-პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენის მეცნიერული აღწერისა და სწავლების, ასევე ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში; წლების განმავლობაში იგი იკვლევდა საქართველოს ტოპონიმიის, ლექსიკოლოგიის, ლექსიკოგრაფიისა და ქართული ენის სტილისტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, არის არაერთი განმარტებითი და ორენოვანი ლექსიკონის შემდგენელი.

სტუმარი: ნინო დობორჯგინიძე – ილიას უნივერსიტეტის რექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის ფესტივალი „ნანინა“ იწყება

2023 წლის 1-2 მაისს, ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის ფესტივალი „ნანინა“ ჩატარდება.

UNESCO-ს მიერ ქართული მრავალხმიანობის „კაცობრიობის ხელთუქმნელი მემკვიდრეობის შედევრად“ აღიარების შემდეგ, აშკარად გაიზარდა ქართული მუსიკალური ფოლკლორისადმი ინტერესი.  დღეს ქართული მუსიკალური ფოლკლორის მსოფლიო მასშტაბით კვლევის შედეგები სრულფასოვანი ვერ იქნება ქალთა ტრადიციული მუსიკის გათვალისწინების გარეშე. სწორედ ქალთა რეპერტუარის მოძიება-შესწავლა-კვლევა-გამომზეურება იყო მიზანი ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ „ნანინას“ ჩამოყალიბებისა 2003 წელს. 20 წლის მანძილზე მათ ქალთა ტრადიციული მუსიკის ნიმუშთა ექსპედიციებში მოძიების, მეცნიერული შესწავლისა და შესრულებისა დიდი გამოცდილება დაუგროვდათ.

2021 წელს „ანსამბლის“ ბაზაზე შეიქმნილმა   „ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითმა ჯგუფმა“უპრეცენდენტო პროექტი, „ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის ფესტივალი“ წარადგინა.  პირველი  ფესტივალის თემაა „აკვნის ნანა“. ვიწრო გაგებით, ის მოიცავს ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე არქაული ჟანრის – ბავშვის დასაძინებელი სიმღერების ნიმუშებს, ფართო გაგებით კი – აერთიანებს ქალის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენასთან – ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ ტრადიციებს, რიტუალებს რწმენა-წარმოდგენებს, რომლებმაც ასახვა ჰპოვა ფოლკლორში.

რესპონდენტი: ვიქტორია სამსონაძე – ეთნომუსიკოლოგი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: