ღია სტუდია - რას ველოდებით არჩევნების დღეს?
ღია სტუდია - რას ველოდებით არჩევნების დღეს?

„წინასაარჩევნო ვითარება იმდენად პოლარიზებულია, რომ დაპირისპირებული კანდიდატების და მასთან ასოცირებული ძალების დემონიზაცია ხდება. თავისუფლების მოედანზე გუშინ გამოსულმა დიდი რაოდენობის ხალხმა ნაციონალურ მოძრაობას უჩვენა, რომ მათ წინააღმდეგ საქართველოში სერიოზული პროტესტია“.

„თავად „ნაციონალური მოძრაობა“ გაცილებით აგრესიულია, ვიდრე გაერთიანებულ ოპოზიცია, რომლის ინტერესებშიც არეულობა ნამდვილად არ უნდა შედიოდეს. არჩევნების შემდეგ ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა ამ გაერთიანებაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფების პოლიტიკურ მომავალს წერტილს დაუსვამს. ამის მიზეზი ხალხია, რომელსაც დღეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სტაბილური განვითარება აინტერესებს და რომლისთვისაც არეულობა კატეგორიულად მიუღებელია. რევოლუციური სცენარი სასურველია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც ან ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს ან დამარცხდეს. სხვანაირი შედეგი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესებში არ შედის“.

„დღეს, როცა საზოგადოებას ცხოვრების გაუმჯობესება და კონკრეტული პრობლემების გადაჭრა აინტერესებს, გაერთიანებული ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ალტერნატივად ვერ მოიაზრება. ამ ფონზე კი არ არსებობს მესამე პოლიტიკური ცენტრი, სადაც ადამიანები იდეების ჭიდილს დაინახავდნენ. ანუ არ ჩანს ძალა, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავდა. ხალხისგან გაუცხოებულია მმართველი პარტიაც, სწორედ ამით აიხსნება გამოხატული ფორმით პოლიტიკურ პარტიებს შორის დღეს არსებული დაპირისპირება, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების იმიტაციას ქმნის“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ

სტუმარი: ტატო ხუნდაძე – პირველი არხის ანალიტიკოსი.