ფოტო გარეკანზე: www.caregivers.com
პოსტსაბჭოთა საქართველოში, სხვა ფორმალურ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად ჩამოყალიბდა ომბუდსმენის (სახალხო დამცველი) ინსტიტუტი. ომბუდსმენის ოფისის ჩამოყალიბების აუცილებლობა ძირითადად ორმა მიზეზმა განაპირობა. პირველი, ეს იყო ძველის რეჟიმის პრაქტიკისა და ტრადიციების მოშლა ახალ პოლიტიკურ სივრცეში ისეთი ინსტიტუტის ჩამოყალიბებით, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ პროცესს (ანუ დაიცავდა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს), მეორეს მხრივ კი ეს იყო ტრანსფორმაციული პროცესის ევროპეიზაციის ნაწილი საქართველოში, რა დროსაც ხდება ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტების გადმოტანა ქართულ სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეში. თუმცა, პოსტსაბჭოთა საქართველოში ომბუდსმენის ინსტიტუტი მეტწილად ჩამოყალიბდა როგორც ლიბერალური თავისუფლებების (პიროვნული თავისუფლების უზენაესობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ა.შ.) ფორმალურ ქომაგად, რომლის დიალექტიკასა და პრაქტიკაში თითქმის არ ისმის ან უკიდურესად სუსტად ისმის სოციალური სამართლიანობის, ეკონომიკური თანასწორობისა და სოლიდარობის ხმა. წარმოდგენილი წერილი მიმოიხილავს ომბუდსმენის ზოგად არსს და მის მნიშვნელობას თანამედროვე საქართველოსთვის. წერილი ასევე კრიტიკულად ეხმიანება სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას არჩევას.
ომბუდსმენის წარმოშობა და განვითარება ევროპაში
ევროპაში პირველად ომბუდსმენის ინსტიტუტი 1809 წელს შვედეთში დაარსდა. იმ დროინდელ ევროპაში, სადაც ადამიანის უფლებების იდეა ჯერ კიდევ სუსტი იყო, ამგვარი ინსტიტუტის შემოღება საკმაოდ ორიგინალური და უნიკალური ფაქტი იყო. ომბუდსმენის ინსტიტუტის დაფუძნებას ცხადია წინ უძღოდა გარკვეული მოვლენები, რამაც საფუძველი ჩაუყარა მის დაარსებას. კერძოდ, შვედეთის ისტორიაში მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი ცნობილია, როგორც აბსოლუტიზმის უარყოფისა და საპარლამენტო მმართველობის შემოღების ეპოქა, რომელშიც ევროპული განმანათლებლობის იდეები და შეხედულებები შვედეთის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტები გახდა. ამგვარად, მე-19 საუკუნის დასაწყისში ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება ძირითადად მიზნად ისახავდა პარლამენტარიზმის გაძლიერებას (ომბუდსმენი წარმოადგენდა შვედეთის პარლამენტის უფლებამოსილ პირს, რომელსაც თვალყური უნდა ედევნებინა კანონთა აღსრულების პროცესზე), დემოკრატიული პრინციპებისა და განმანათლებლობის სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა უზრუნველყოფის გარანტობას.
1945 წლის შემდეგ, ევროპაში აღმოცენებულმა დიდმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ტრანსფორმაციამ, რაც მიზნად ისახავდა „კლასობრივი ბრძოლის მშვიდობიან დასრულებას“ და კეთილდღეობის სახელმწიფოს მექანიზმების განვითარებას, ხელი შეუწყო მნიშვნელოვან სამართლებრივ რეფორმებს და უფლებითი ცნობიერების რევოლუციას, რამაც თავის მხრივ განაპირობა ომბუდსმენის ინსტიტუტის განვრცობა და განვითარება მთელს ევროპაში. თანამედროვე ევროპის ისეთ განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში როგორებიცაა ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია და სხვები, ომბუდსმენის ძირითადი ფუნქციაა უზრუნველყონ მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობა იმ კუთხით, რომ მოქალაქის ინტერესები, მისი უფლებები და მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული სახელმწიფოს მხრიდან. გამომდინარე აქედან, ომბუდსმენი ასრულებს ერთგვარ ქომაგის ფუნქციას, რითაც ცდილობს სახელმწიფო როგორც სოციალური და პოლიტიკური ერთობა ერთგვარად სასარგებლო იდეა გახადოს თითოეული ადამიანისათვის.
ომბუდსმენის ინსტიტუტი და ქართული კონტექსტი
საქართველოში ჩამოყალიბდა ისეთი პრაქტიკა, რომ თითქოს ომბუდსმენის ფუნქცია ძირითადად მხოლოდ ლიბერალური თავისუფლებების დაცვა და პოლიტიკური ინსტიტუტების ლიბერალური კრიტიკაა. ამ მხრივ, ქართული პრაქტიკა მთლიანად აცდენილია ადგილობრივ კონტექსტსა და თავისებურებებს. შეგვიძლია უფრო დეტალურად ავხსნათ თუ რასთან გვაქვს საქმე. თანამედროვე საქართველოში ადამიანის უფლებების აღქმა დასულია მხოლოდ კერძოს შინაარსზე, სადაც საჯარო მთლიანად გამორიცხულია სააზროვნო სივრციდან. მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ ლიბერალური კონსტიტუციური განზომილებით განიხილება (გამოხატვის თავისუფლება, პიროვნული განვითარების უფლება, სიტყვის თავისუფლება, დისკრიმინაციის აღკვეთა და ა.შ.), ხოლო ისეთი პათოლოგიური საზოგადო სოციალური მოვლენები როგორებიცაა ეკონომიკური უთანასწორობა და სოციალური უსამართლობა არ განიხილება ადამიანის უფლებების დარღვევის კონტექსტში, უფრო მეტიც, ამ პროცესის გაიგივება ხდება პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის თანმდევ ტენდენციებთან და არა ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევასთან.
ეს არის პრაქტიკა, რომლის დამკვიდრებასაც ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ხელი შეუწყვეს ქართულმა ლიბერალურმა პოლიტიკურმა და სამოქალაქო ელიტებმა. პოსტსაბჭოთა ტრანზიციის 25 წლის მანძილზე ჩვენ ამ ელიტებისგან გვესმის ის, რომ საქართველოს უმთავრეს გამოწვევად დემოკრატიზაციის პროცესის სამართლებრივ-პოლიტიკური სირთულეები და პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაცია რჩება. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ლიბერალური ელიტების რიტორიკასა და დღის წესრიგში იშვიათად გამოიძებნება ხოლმე ადგილი სოციალური უსამართლობისა და მასიური სიღატაკის კრიტიკულად გააზრებისათვის. უფრო მეტიც, მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ქართულმა ლიბერალურმა ელიტებმა წლების წინ ხელი შეუწყვეს ისეთი იდეოლოგიური აურის ჩამოყალიბებას, რა დროსაც სოციალური სამართლიანობის კრიზისის კრიტიკული აღქმა ან ანაქრონიზმად ცხადდება ან საბჭოთა სისტემის მიმართ სენტიმენტებთან თუ ნოსტალგიასთან იგივდება. ახლა კი, როდესაც საქართველოში უფრო და უფრო მძიმდება ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრება, ჩვენი სამოქალაქო ელიტების ზოგიერთი ჯგუფი ფრაგმენტულად საუბრობს უთანასწორობასა და სიღარიბეზე, თუმცა ვერ ხედავს იმას, რომ საქართველოში უთანასწორობის როგორც ‘ნორმალური’ პროცესის ლეგიტიმაციას თავის დროზე თავად შეუწყო ხელი, როდესაც მისთვის უმთავრეს პრიორიტეტად სამოქალაქო საზოგადოების განვითარება იქცა, ვიდრე რიგით ადამიანთა ბედის გაზიარება პოსტსაბჭოთა დრამის პირობებში.
საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი ლიბერალური სამოქალაქო ელიტებისა და მათი პროგრამის ტყვეობაშია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ორგანო, რომელიც ქართულ სამოქალაქო ელიტებს საკუთარი ინტერესებისა და იდეოლოგიური პრინციპების რეალიზაციაში მნიშვნელოვნად ეხმარება. მარტივად რომ ვთქვათ, ხდება სახალხო დამცველის როგორც ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია საზოგადოებაში გაბატონებული ერთი ფენის სასარგებლოდ. ამიტომ, ძალიან ლოგიკურია რომ როდესაც საქმე ეხება სახალხო დამცველის არჩევას, ამ დროს ყველაზე აქტიურ პოზიციებს ქართული “სამოქალაქო სექტორი” აფიქსირებს, რომელსაც ერთგვარი ‘მორალური’ ჰეგემონია თუ მონოპლია აქვს იმაზე თუ ვინ და როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი.
როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი საქართველოში?
საქართველოში ჩამოყალიბებულ დარვინისტულ სოციალური წესრიგს თუ გავითვალისწინებით, ასეთ ვითარებაში იდეალური სახალხო დამცველი გულწრფელად და ღიად უნდა საუბრობდეს არსებული სოციალური წესრიგის შეცვლაზე და უნდა მოახდინოს სრულიად ახალი გარდამქმნელი იდეების გენერირება ჩვენი დღევანდელი ყოფის შესაცვლელად. მარტივად რომ ვთქვათ, სახალხო დამცველმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ფართო სისტემურ კონტექსტში უნდა შეხედოს. სხვათა შორის, ამ გაგებით (ანუ სისტემური კრიზისის გააზრების თვალსაზრისით), შეიძლება ითქვას რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ადეკვატურ სახალხო დამცველად სოზარ სუბარი ჩამოყალიბდა (2004-2009 წლები), რომელმაც სახალხო დამცველის ინსტიტუტი ანტისისტემური პოლიტიკის ნაწილად აქცია და ამით მისი საქმიანობა ხალხზე მორგებული უფრო გახადა, ვიდრე სამოქალაქო ელიტებზე. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე სუბარის მოქმედება ძირითადად ავტორიტარული ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონირებას წარმოადგენდა, დღეს კი პოსტავტორიტარული იდენტობის პირობებში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ალტერნატიულ სოციალურ წესრიგზე ფიქრი, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ საჭიროებებზე იქნება მორგებული.
შესაბამისად, არსებული დრამატული სოციალური რეალობის გამო, სახალხო დამცველს არ უნდა ჰქონდეს იმის ფუფუნება, რომ მისი დრო და რიტორიკა ლიბერალურ კრიტიკას თუ კულტურული ლიბერალიზმის პროპაგანდას დაუთმოს, რისი ფუფუნებაც დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანას ნამდვილად აქვს. აქედან გამომდინარე, ალბათ, სახალხო დამცველი ყველაზე მეტად იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან. საქართველოში კი უკვე ბოლო ორი დეკადაა ჩამოყალიბდა ისეთი სოციალური წესრიგი, სადაც გაუცხოება და სიღარიბე პოსტსაბჭოთა ცხოვრების ერთგვარ ტრადიციად იქცა. ამრიგად, რადგან ზოგადი პრაქტიკით სიღარიბე და გაუცხოება ხელს უშლის პროგრესულ სოციალურ განვითარებას, სახალხო დამცველის უმთავრესი ფუნქცია სწორედ ამ პრობლემებზე ფიქრი უნდა იყოს ვიდრე ელიტურ განწყობებზე ზრუნვა. აგრეთვე, ცნობილია რომ სიღარიბე და გაუცხოება ქმნის საზოგადოების მორალური კოლაფსისათვის საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს, რა დროსაც ყველა სოციალური თუ კულტურული პათოლოგია აქტიურად წარმოიჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, ასეთი პათოლოგიებია ძალადობა, ექსტრემიზმი, უცხოს მიმართ შიში და მიუღებლობა, ნდობის დაბალი დონე და სხვა. შესაბამისად, იმისათვის რომ ასეთ პათოლოგიებს არ მიეცეს განვითარების საშუალება, საჭიროა არა ტოლერანტობის და ლიბერალური კეთილგონიერების გულუბრყვილო ქადაგება, არამედ ადამიანთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება, რაც ადამიანს შეუქმნის იმის განცდას, რომ ის ღირსეული საზოგადოების ღირსეული წევრია.
რასაც პრაქტიკა და გამოცდილება აჩვენებს არის ის, რომ ქართული სამოქალაქო ელიტა ნამდვილად არ არის ის სოციო-კულტურული ორგანიზმი, საიდანაც შეიძლება ისეთი სახალხო დამცველი აღმოცენდეს, რომელიც სოციალურად მგრძნობიარე იდეებს დემოკრატიზაციის პროცესზე მაღლა დააყენებს. ქართულ სამოქალაქო სექტორს ამისთვის არც იდეოლოგიური მზაობა და არც ამ იდეებისადმი თავდადების სურვილი გააჩნია. ამის მიზეზი კი მარტივია – თუკი მათთვის სოციალური უსამართლობა და ეკონომიკური უთანასწორობა უმთავრესი პრიორიტეტი გახდება, მაშინ მათ მოუწევთ თავიანთი უმთავრესი პროფილის დაკარგვა, რამაც ცხადია შეიძლება გამოიწვიოს მათი მატერიალური რეგრესი და დომინანტური სოციალური პოზიციების დაკარგვა. შესაბამისად, ამ მხრივ მდგომარეობა საკმაოდ სკეპტიკურად გამოიყურება, განსაკუთრებით მაშინ თუკი კარგად დავაკვირდებით ჩვენი სამოქალაქო სექტორის ერთგვარ ეთოსს, სადაც ვულგარული ლიბერალური რეფლექსია საკმაოდ პატივსაცემ ადგილს იკავებს.
რატომ ვერ იქნება ნინო ლომჯარია ხალხის სახალხო დამცველი?
საქართველოს სჭირდება სრულიად ახალი ტიპის სახალხო დამცველი, რომელიც დაანგრევს აქამდე არსებულ სტატუს ქვოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ პრაქტიკულად სახალხო დამცველი წარმოგვიდგება როგორც სამოქალაქო სექტორის ინტერესების დამცველი, რომელთა ინტერესები ხშირად არათავსებადია მოქალაქეთა უმრავლესობის ინტერესებთან საქართველოში. თუკი გავითვალისწინებთ ნინო ლომჯარიას წარსულის გამოცდილებასა და შეხედულებათა სისტემას, მაშინ გასაგები გახდება, რომ ის ვერ იქნება ტრანსფორმაციული ტიპის სახალხო დამცველი საქართველოსთვის. ამის მაგალითად ასევე გამოდგება მისი განცხადება იმის შესახებ თუ რა სფეროები იქნება მისთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული (მაგ. ინფორმაციის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და სხვა მომიჯნავე უფლებები). მართალია ლომჯარიამ მის გამოსვლაში საქართველოს პარლამენტის წინაშე ხაზი გაუსვა სოციალური უთანასწორობის პრობლემას, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურ (ზოგადი დეკლარირების), ერთგვარად ფრაგმენტული მიდგომას წარმოადგენს და მიზნად არ ისახავს ამ პრობლემის სისტემურ და პოლიტიკურ გააზრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამ პრობლემტიკას მოკლედ კი არ გაუსვამდა ხაზს, არამედ ფართო, მრავალდონიანი მიდგომით ისაუბრებდა მასზე და სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლას მისი საქმიანობის უმთავრეს ლოკომიტივად გამოაცხადებდა.
აღსანიშნავია, რომ ლომჯარია მოდის იმ ელიტებისგან, რომელთათვის უმთავრესი პრიორიტეტი არა სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა და სოციალური უსამართლობაა, არამედ დემოკრატიზაციის როგორც პროცესის ფორმალური პოლიტიკურ-სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფა, მაგალითად ისეთების როგორებიცაა სამართლიანი არჩევნების ჩატარება, გამჭირვალობა, ინფორმაციის თავისუფლება და ა.შ. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ის რაც ხშირად ჩვენს სამოქალაქო ელიტებს ჰგონიათ რომ არის ფუნდამენტური პრობლემა, სინამდვილეში სულაც არ არის პრობლემა და მათი აღქმები საკმაოდ შორს არის რეალობისგან, მაგალითად თუნდაც ინფორმაციის თავისუფლების ან გამოხატვისა თუ სიტყვის თავისუფლების პრაქტიკა საქართველოში, რომელიც იმაზე მეტად არის რეალიზებული ვიდრე ბევრ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში.
ნინო ლომჯარია არის იმ სოციალური კლასის წარმომადგენელი, რომელიც ვერ გრძნობს ვერც სიღარიბისა და ვერც მზარდი სოციალური უსამართლობის მტანჯველ წნეხს. ის არის ახალი ქართული ლიბერალური სოციალური კლასის ნაწილი, როგორც საშუალოზე ოდნავ მაღალი ფენის, რომლის წარმომადგენლებიც ძირითადად ეკონომიკური და კულტურული კაპიტალის დაგროვების მანიით არიან შეპყრობილნი, ხოლო კაპიტალის ამ ფორმების აგრეგაციისთვის კი ისინი ისეთ პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ შეხედულებათა ადვოკატირებას ახდენენ, რაც მათ პოპულარულს მხოლოდ ვიწრო და გავლენიან ჯგუფებში გახდის. აქედან გამომდინარე, ნინო ლომჯარია, როგორც ამ კლასის წევრი, სახალხო დამცველის ინსტიტუტს გახდის უფრო მეტად მორგებულს ქართული ლიბერალური სამოქალაქო ელიტების ინტერესებთან, როგორც იდეოლოგიური ასევე პრაქტიკული განზომილებით. მისთვის, ისევე როგორც ლიბერალური ელიტის სხვა წარმომადგენელთათვის, სახალხო დამცველის თანამდებობა არ არის საშუალება რითაც მათ ხმამაღლა უნდა ისაუბრონ არსებული სოციალური წესრიგის შეცვლაზე, არამედ მათვის სახალხო დამცველის თანამდებობა არის ერთგვარი კომფორტის ზონა, საიდანაც შეიძლება ერთის მხრივ ხელისუფლების ლიბერალური კრიტიკა, მეორეს მხრივ კი ყბადაღებული ლიბერალური დოგმატიზმის ექსპანსია, რაც აძლიერებს ლიბერალური კლასის დღის წესრიგს და ყურადღების ცენტრში აქცევს არა ჩვეულებრივი ხალხის პრობლემებს, არამედ იმ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს სამოქალაქო ელიტებს საშუალებას აძლევს მეტი რეპრეზენტაციის საჯარო სივრცეში. თავის მხრივ, ამ პრობლემების მოსაგვარებლად ბრძოლა კი მხოლოდ არასამთავრობო პლუტოკრატების დომინანტური პოზიციების გაძლიერებას ემსახურება და არა ხალხის კეთილდღეობას. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი ელიტარული წარმომადგენელი, ზოგჯერ სოციალურად მგრძნობიარე საკითხზეც (მაგ. შრომით უფლებებზე) საუბრობს, რაც მანიპულაციური სტრატეგიაა და ორ ძირითად პოლიტიკურ მიზანს ემსახურება: მემარცხენე ჯგუფებში მათ მიმართ სიმპათიის ზრდას (რითაც ხშირად მემარცხენე ინტელექტუალები შეცდომაში შედიან, თანაც ინფანტილურად) ან მემარცხენე ჯგუფებთან დისკუსიისას მორალურ არგუმენტად გამოყენებას.
ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევა არის ის მორალური შეცდომა, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ორ საკმაოდ მტკივნეულ გარემოებაზე. პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება კვლავ რჩება ფანატიკოსი ლიბერალური ელიტების ტყვეობაში და სახელმწიფოს ეშინია არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება რაც არ იქნება მოწონებული არასამთავრობო სექტორის მიერ, ეს კი თავის მხრივ მიუნიშნებს იმაზე რომ ქართული სახელმწიფო არის უკიდურესად სუსტი და პოლიტიკურად ჩამორჩენილი, პერიფერიული ბუნების მატარებელი. მეორე მნიშვნელოვანი და მტკივნეული გარემოება არის ის, რომ როგორც აღმოჩნდა, მსგავსად არასამთავრობო ელიტისა, ქართული პოლიტიკური ელიტა ცხოვრობს განსხვავებულ სოციალურ რეალობაში, იმ რეალობაში რომელშიც ნამდვილად არ ცხოვრობს საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა, ასე რომ არ იყოს მაშინ ისინი სახალხო დამცველის მოძებნას განსხვავებულ სივრცეში დაიწყებდა და არა სამოქალაქო სექტორის წიაღში.
დასკვნის მაგიერ
თუკი კარგად დავაკვირდებით, სახალხო დამცველი არ არის უბრალოდ კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელსაც ევალება ადამიანის უფლებების დაცვა. სახალხო დამცველი არის ერთგვარი პოლიტიკური (მისი მაღალი შინაარსობრივი გაგებით) ინსტიტუტი. შესაბამისად, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს მაღალი პოლიტიკური განათლება, თავდადება და იდეოლოგიური მიხვედრილობა, რამაც მას ნათლად უნდა დაანახოს რეალობა და გამოსავლის ძიების გზები. მართალია სახალხო დამცველს არ გააჩნია რეალური შესაძლებლობები ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების შესატანად, მაგრამ სამაგიეროდ მას გააჩნია ყველა საშუალება და მექანიზმი იმისათვის, რომ ქარიზმატულად და პრინციპულად ისაუბრობს ცვლილებების აუცილებლობაზე, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს მენტალურ ტრანზიციაზე და ამით შეარყევს არსებულ სტატუს ქვოს ჩვენს ცხოვრებაში. შესაბამისად, სახალხო დამცველის მოვალეობაა არა ვიწრო ლიბერალურ შეხედულებათა ნაჭუჭში გამოკეტვა, არამედ ტრანსფორმაციულ იდეათა გენერირება და მისი საჯარო ექსპორტი პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეში.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.