პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: რეალობა რიცხვებს მიღმა

2018 წელს მაშინდელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე შემდეგი რამ განაცხადა:

„კი გვჭირდება ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მაგრამ ამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აქვს ნეგატიური მხარე. უცხოეთიდან ადამიანი შემოდის და დებს ფულს, მაგრამ ამ ფულს დებს თავისთვის, რაც მერე დივიდენდის სახით უნდა გაიტანოს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანაცეა არ არის, ჩვენ გვჭირდება ჩვენი დანაზოგებიდან გაკეთებული ინვესტიციები“.

თუმცა ქართულ საჯარო სივრცეში ჩამოყალიბდა ის აზრი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის განვითარებისათვის პანაცეაა და შესაბამისად უცხოელი ინვესტორების მოზიდვა ნომერ პირველ ამოცანად იქცა, თუნდაც ამით სახელმწიფო ინტერესები ზიანდებოდეს. ამას ისიც ემატება, რომ საზოგადოებას არ მიეწოდება ინფორმაცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დარგობრივ სტრუქტურაზე, ასევე რეალურად ვინ არიან ამ ინვესტიციებს უკან და სხვა. მედია სივრცეში მხოლოდ ის ისმის, გაიზარდა თუ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში. შინაარსში შესვლას არავინ ცდილობს, არადა ამ რიცხვებს მიღმა ხშირ შემთხვევაში სულ სხვა რეალობაა, რის საილუსტრაციოდაც ამ სტატიაში რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. მოდით დავიწყოთ ყველაზე მარტივით.

უცხოური ინვესტიციები შესაძლოა ადგილობრივით ჩანაცვლდეს. უცხოური ინვესტიციები მარტო იმიტომ შეიძლება შემცირდეს, რომ ადგილობრივმა კომპანიამ შეისყიდოს მანამდე უცხოელი ინვესტორის მფლობელობაში მყოფი აქტივი, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი მოვლენა არ გახლავთ, თუ პირიქით არა. მაგალითად, 2020 წელს უცხოური ინვესტიციების შემცირების  გამომწვევი ძირითადი მიზეზი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, რამდენიმე კომპანიის საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულს ადგილი უმეტესად ტურისტულ სექტორში ჰქონდა, ანუ არც რაიმე განსაკუთრებული ნოუ-ჰაუ დაუკარგავს ქვეყანას უცხოელი ინვესტორის გასვლის შედეგად. შეიძლება პირიქითაც ითქვას, რადგან სამომავლოდ, როდესაც საერთაშორისო მიმოსვლა აღდგება და ტურიზმის სექტორიც გადალახავს კრიზისს, ამ სექტორში დაგენერირებული მოგება უფრო დიდი ალბათობით ქვეყნის შიგნით დარჩება, რაც უცხოელი ინვესტორის გასვლით დაკარგულ უცხოურ ვალუტასაც დააკომპენსირებს.

უცხოური ინვესტიცია შეიძლება სულაც არ იყოს უცხოური. დიახ, არ მოგესმათ. მსოფლიოში, სადაც ოფშორები დაშვებულია, რთულია ფულის წარმომავლობის გარკვევა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად[1], 2011-2020 წლებში, ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2. მილიარდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი ინვესტიციების 38%-ია. ოფშორულ ტერიტორიებზე რეგისტრირების მოტივი ძირითადად ორია: ერთი, გადასახადებისგან თავის არიდება, და მეორე, ანონიმურობა. 2019 წელს, საქართველოს მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა: „საქართველოს ისტორიის განმავლობაში ყოველწლიურად რომ შემოდიოდა უცხოური ინვესტიციები, 60-70% სინამდვილეში თავისი ბუნებით ქართული ადგილობრივი ინვესტიციებია, გატანილია აქედან და შემოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან ან ოფშორიდან“.[2] რა თქმა უნდა, რთულია დანამდვილებით ითქვას, უცხოური ინვესტიციების რა პროცენტი მოდის ადგილობრივ ფულზე, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც უცხოურ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, სიფრთხილე გვმართებს, რადგან არასწორი დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ.

უცხოური ინვესტიციები შესაძლოა უცხოური ვალუტის წყარო აღარ იყოს.  როდესაც კომპანია ინვესტიციას დებს, ამ ფულის სრულად ამოღება გარკვეულ პერიოდში უნდა მოხდეს, რასაც უკუგების პერიოდი ეწოდება. თუ ამ თანხის რეინვესტირება არ მოხდა ადგილობრივ ბაზარზე, მაშინ უცხოური ინვესტიცია საბოლოო ჯამში უცხოური ვალუტის წყარო აღარ გამოდის. პირიქით, უკუგების პერიოდის გასვლის შემდგომ, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უცხოური ვალუტის დაკარგვის ტოლფასია (რა თქმა უნდა ეს იმ სფეროებს არ ეხება, რომლებიც ექსპორტზეა ორიენტირებული და ამასთანავე, სადაც ადგილობრივი ინვესტიცია ვერ განხორციელდებოდა). ეს პრობლემას არ ქმნის მანამ, სანამ ახალი უცხოური ინვესტიციების ნაკადები აკომპენსირებენ გასავალს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში საინვესტიციო შესაძლებლობები იწურება განვითარების გარკვეულ ეტაპზე, მოგების სახით ვალუტის გადინებამ შესაძლოა ინვესტიციების ახალ ნაკადს გადააჭარბოს. მაგალითისათვის, 2019 წლისათვის საქართველოში აკუმულირებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა იმ დონეზე მიაღწია, რომ წლიურად მათ მიერ დაგენერირებულმა მოგებამ უკვე გადააჭარბა 2019 წელს შემოსული უცხოური ინვესტიციების ნაკადს, ანუ იმაზე მეტი უცხოური ვალუტა გავიდა მოგების სახით, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით შემოვიდა (იხ. დიაგრამა). ასე რომ,  სანამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უცხოური კაპიტალის წყაროდ მოვიაზრებთ, აუცილებელია მოგების რეპატრიაციის მონაცემებსაც გავეცნოთ.

დიაგრამა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მოგების რეპატრიაცია

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ავტორის გამოთვლები

 

 

უცხოურმა ინვესტიციამ შეიძლება ადგილობრივი ინვესტიცია გამოდევნოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომელი დარგებისკენ მიემართება ინვესტიციები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დარგობრივი სტრუქტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იქ სადაც ადგილობრივ ბიზნესს ინვესტირება შეუძლია, ნაკლები უცხოური ინვესტიცია და მეტი ადგილობრივი კაპიტალდაბანდება შესაძლოა სჯობდეს. მაგალითად, ავიღოთ ისევ ტურიზმის სექტორი. ამ სექტორში ადგილობრივ ბიზნესმენებს თავისუფლად შეუძლიათ მაღალი სტანდარტების მომსახურების შეთავაზება. ამასთანავე, საგულისხმოა ისიც, რომ ტურიზმში ეკონომიკური შესაძლებლობები სასრულია: ამოწურვადია ზღვის სანაპირო ზოლი, ღირსშესანიშნავი ადგილები და სხვა, რაც იმას ნიშნავს რომ თუ უცხოელი ინვესტორი აითვისებს ამ რესურსს, ადგილობრივისთვის აღარ დარჩება. ასე რომ, უცხოური ინვესტიციის ზრდა თავისთავად დადებით მოვლენად არ უნდა იქნას აღქმული, სანამ დარგობრივი სტრუქტურის ანალიზი არ მოხდება.

რომ შევაჯამოთ, სტატისტიკურმა მონაცემებმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა-შემცირებაზე შესაძლოა არასწორ დასკვნებამდე მიგვიყვანოს სათანადო ჩაძიების გარეშე. ამიტომ უმჯობესია, აქცენტი მთლიანი ინვესტიციების მოცულობაზე გაკეთდეს და არა ცალკე აღებულ უცხოურ ინვესტიციებზე. მთლიანი ინვესტიციების დონე სრულიად საკმარისია, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პერსპექტივები შეფასდეს.

 

[1] https://transparency.ge/ge/blog/opshoruli-kompaniebi-sakartveloshi-biznes-interesebi-da-korupciis-riskebi?fbclid=IwAR338azCOAYzPSUrMVOSfPJ9sKf3hWBTkkUCSAvFfM6iIsnMceS6EHgYxY4#.YMGw5srLf2o.facebook

[2]  https://bit.ly/3sCajvn