ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

ფოტო გარეკანზე: thegreatmiddleeast.com

7 ივნისს, ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის (KRG) ლიდერმა მასუდ ბარზანიმ ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების თარიღი – 25 სექტემბერი – დაასახელა. ბარზანი უკვე წლებია რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდიოდა და წელს მან ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. მისმა განცხადებამ ისედაც პოლიტიკურად ცხელ რეგიონს დამატებითი ინტრიგა და ინტერესი შესძინა, ხოლო ოფიციალური ბაღდადისა და  სამეზობლოსთვის კი ახალი თავსატეხი გააჩინა. რეფერენდუმი ჩატარდება არა მხოლოდ ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის აღიარებულ საზღვრებში, არამედ ბოლო წლებში ქურთული სამხედრო შენაერთების, ფეშმერგას მიერ ისლამური სახელმწიფოსთან ბრძოლით მოპოვებულ ტერიტორიებზეც, მათ შორის ოფიციალურად ბაღდადის დაქვემდებარებაში მყოფ ქალაქ კირკუკშიც.

სავარაუდოდ, რეფერენდუმზე დამოუკიდებლობის იდეა მხარდაჭერას მოიპოვებს, რისი თქმის საშუალებსაც აქამდე, 2005 წელს ჩატარებული იმავე შინაარსის რეფერენდუმის შედეგები იძლევა – ერაყის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ქურთისტანში მოსახლეობას დამოუკიდებლობაზე აზრი კითხეს, მათმა 98.8%-მა იდეა პოზიტიურად შეაფასა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაშინდელი რეფერენდუმიც ქალაქ კირკუკშიც ჩატარდა.

დაგეგმილი რეფერენდუმი არ გულისხმობს ერაყის ქურთისტანის მიერ ავტომატურად დამოუკიდებლობის გამოცხადებას. მას არც სამართლებრივი ძალა გააჩნია და არც საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს. რეფერენდუმი იქნება ქურთების მიერ დაფიქსირებული ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, რომ მათ პოსტ-დაეშის ხანაში, რომლის ერაყის ტერიტორიაზე დამარცხებაშიც მათ ლომის წვლილი მიუძღვით, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი გააჩნიათ.

 

სწორად შერჩეული დრო

მასუდ ბარზანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილება ერაყელი ქურთებისთვის რეგიონში გახსნილმა შესაძლებლობების ფანჯარამ გამოიწვია. არსებობს რამდენიმე მიზეზი რის გამოც რეფერენდუმის დრო სწორად შერჩეულად შეიძლება ჩაითვალოს. რეგიონულ მთავრობას ამის საშუალება უახლოეს მომავალში შესაძლოა აღარ მიეცეს.

ბოლო ათწლეული ერაყის ცენტრალური მთავრობა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქურთისტანის რეგიონზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გავლენას ვეღარ ახდენდა. რეგიონული მთავრობის სუვერენიტეტი ქურთისტანის ტერიტორიაზე ნელ-ნელა მყარდებოდა. ამ პროცესის დაჩქარება გამოიწვია 2014 წელს ერაყის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთით ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს წარმოქმნამ, რომელმაც პრაქტიკულად კავშირი გაწყვიტა ოფიციალურ ბაღდადსა და ოფიციალურ ერბილს (ერაყის ქურთისტანის დედაქალაქი) შორის. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაეშის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურად სწორად ქურთისტანის რეგიონული მთავრობის სამხედრო დანაყოფები – ფეშმარგა იბრძოდა, რომელთაც მოახერხეს და მიმდინარე წელს ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში დაეშის ძალები სრულად გაანადგურეს. ივლისში კი, ერაყის სამთავრობო ძალებთან ერთად მათ ტერორისტული ხალიფატის დედაქალაქი მოსული გაათავისუფლეს. ქურთულმა ფეშმერგამ ერაყის ქურთებით დასახლებული ის ტერიტორიებიც დაიკავეს, რომელიც ავტონომიურ რეგიონს არ ეკუთვნოდა, მაგრამ რეგიონული მთავრობა მათზე პრეტენზიებს აცხადებდა.

ერაყის ქურთისტანის მეზობელ ქვეყნებს, სადაც ქურთების მნიშვნელოვანი წილი ასევე ცხოვრობს, ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ თუ სამხედრო პროცესებზე აქვთ ყურადღება გადატანილი. სირიაში უკვე ექვსი წელია რაც სამოქალაქო კონფლიქტია. სირიის ცენტრალური მთავრობა თითქმის იგივე დროა რაც ქურთებით დასახლებულ მის ტერიტორიას ვეღარ აკონტროლებს. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მთავარი მიზანი წლების განმავლობაში ქვეყანაში მოქმედ ისლამისტურ დაჯგუფებებთან და ოპოზიციური ძალებთან ბრძოლას წარმოადგენს და მისთვის ქურთების საკითხი დღის წესრიგიდან ჯერ-ჯერობით გამქრალია.

თურქეთიც გასული წლები სირიის კონფლიქტზე იყო კონცენტრირებული, რომლისთვისაც ასადის რეჟიმის გარდა, სირიელი ქურთების საკითხიც პრობლემას წარმოადგენდა. დღევანდელი მდგომარეობით, თურქეთისთვის მთავარი თავსატეხი მისი და სირიის საზღვრის პრაქტიკულად მთლიანი მონაკვეთის სირიელი ქურთების მიერ კონტროლია.  ქურთები ამერიკული მხარის დახმარებით სირიის ტერიტორიაზე ექსპანსიას ახლაც ახორციელებენ. ამას გარდა, თურქეთს ბოლო წლებში ერაყის ქურთისტანის რეგიონულ მთავრობასთან კონსტრუქციული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. თურქეთი მათგან ნავთობის იმპორტს აქტიურად ეწევა. მასუდ ბარზანი რეჯებ ტაიპ ერდოღანს წლის დასაწყისში ანკარაში ვიზიტითაც ესტუმრა, სადაც ძირითადად, ტერორიზმის, კერძოდ კი დაეშის წინააღმდეგ საერთო ძალებით ბრძოლის საკითხი იქნა განხილული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბარზანის ხელისუფლებას დაძაბული ურთიერთობა აქვს თურქ ქურთებთან – ქურთების მუშათა პარტიასთან (PKK), რაც თურქეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს PKK-ს დისკრედიტაცია პოლიტიკურ დონეზე დამატებითი არგუმენტებით მოახდინოს.

მესამე და ყველაზე მსხვილი მეზობელი ირანიც, თურქეთის მსგავსად, სირიის კონფლიქტში სამხედრო კუთხით წლებია რაც ჩართულია, როგორც ირანელი ჯარისკაცებით დაკომპლექტებული დანაყოფების, ასევე ლიბანური ჰეზბოლას შენაერთების მეშვეობით, რომელთა ფინანსურ და სამხედრო დახმარებას ქვეყანა ეწევა. ამჟამად ირანი 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების შედეგად მასზე მოხსნილი საერთშორისო სანქციებით შექმნილი სიტუაციის ეფექტურ გამოყენებას ცდილობს და ყურადღება შიდა ეკონომიკურ გაძლიერებაზე აქვს მიმართული. ერაყის ქურთისტანში ქურთთა დემოკრატიული არჩევანის წინააღმდეგ ირანის სხვადასხვა ფორმებით წასვლამ შესაძლოა ბირთვული შეთანხმების იმ დასავლელ პარტნიორებში იმედგაცურება გააჩინოს, რომლებიც ამ შეთანხმების მტკიცე მხარდამჭერები არიან.

 

შიდაპოლიტიკური რეალიები

მასუდ ბარზანის მიერ რეფერენდუმის ახლა დანიშვნა შესაძლოა, ქურთისტანის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების გამო იყოს განპირობებული. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებაზე რეგიონის თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, მათ შორის ოთხი წამყვანი: მმართველი ქურთისტანის დემოკრატიული პარტია (KDP) და სამი ძირითადი ოპოზიციური ძალა: ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანება (PUK), ქურთული მოძრაობა ცვლილებისთვის (Gorran) და ქურთისტანის ისლამური ჯგუფი (KIG). მაგრამ ოპოციზიამ რეფერენდუმის ჩატარებაზე მხოლოდ პირობითი თანხმობა დააფიქსირა. პარტიები მასუდ ბარზანისგან მოითხოვენ 2015 წლიდან მოყოლებული რეგიონში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო შეჩერებული საპარლამენტო სესიების აღდგენას. ისინი პარლამენტის ეგიდით რეფერენდუმის სპეციალური მოსამზადებელი კომიტეტის საშუალებით გამართვას ემხრობიან, სადაც დაგეგმვის პროცესში ყველა საპარლამენტო პარტია იქნება ჩართული.

2015 წელს ქურთისტანის პარტიებს კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება გაეხანგრძლივებინათ თუ არა მასუდ ბარზანის მმართველობა, რომელსაც ვადა აგვისტოში ეწურებოდა, და ის კიდევ ერთი ვადით რეგიონული მთავრობის პრეზიდენტის პოსტზე დაეტოვებინათ. პარტიებს შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შედეგად, ქურთისტანის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭომგადაწყვეტილების მიღება თავის თავზე აიღო და ბარზანი პოსტზე კიდევ ერთი ვადით დატოვა. საბჭოს გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციური პარტიებიდან, განსაკუთრებით გორანის ლიდერისა და პარლამენტის სპიკერის იუსუფ მუჰამედ სადიქისგან.

პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც მასუდ ბარზანიმ სადიქს ერბილში ჩასვლა და საპარლამენტო სესიების გამართვა აუკრძალა. ორი წელია, რაც ქურთისტანის რეგიონში საპარლამენტო ცხოვრება არ მიმდინარეობს. მიმდინარე წელს მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ ოპოზიციას შესთავაზა, რომ აღმდგარიყო სესიები იმ პირობით, რომ პარლამენტი სპიკერი შეიცვლებოდა და გორანის პარტია მას სხვა კანდიდატით ჩაანაცვლებდა. შეთავაზებაზე ოპოზიციამ უარი განაცხადა.

რეფერენდუმის ჩატარებასთან ოპოზიციას კიდევ ერთი მოთხოვნა აქვს. მას სურს, რომ ღონისძიება ქურთისტანის მიერ თვითნებურად არ გაიმართოს და ერბილმა თანხმობა ოფიციალური ბაღდადისგან მოიპოვოს.

გარდა პოლიტიკური კრიზისისა, რეგიონში მოსახლეობა შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბარზანის მმართველობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. სამი წელი გავიდა, რაც ქურთისტანი ‘დამოუკიდებლად’ ეწევა ნავთობის ექსპორტს, მაგრამ ქურთების მოლოდინები განვითარების კუთხით არ მართლდება: რეგიონებს დღემდე სრულად არ მიეწოდება ელექტროენერგია, საჯარო მოხელეების ხელფასები იგვიანებს ან ხშირად თვეები არ გაიცემა და ა.შ. ეს ორი ძირითადი (პოლიტიკური და ეკონომიკური) მიზეზი განაპირობებს იმას, რომ მასუდ ბარზანის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ერაყის ქურთისტანში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პირველ ნოემბერს არის ჩანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ ბარზანის განცხადებით იგი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს, მას სურს რეფერენდუმის საშუალებით სახალხო  მხარდაჭერა გააძლიეროს და მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალი კვლავ დააგროვოს.

ბარზანის მთავარი მიზანია დამოუკიდებელმა ქურთისტანმა არსებობა მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყოს, რადგან ქურთისტანის დამოუკიდებლობის მოძრაობა  უკვე ათწლეულებია, რაც მის ოჯახსა და გვართან ასოცირდება.

 

რეფერენდუმი და საერთაშორისო გამოხმაურება

ერაყის პარლამენტმა ქურთისტანის რეფერენდუმი კანონგარეშედ გამოაცხადა, ხოლო მთავრობის განცხადებით ყველა ღონეს იხმარს, რომ ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე არ დაემუქროს. ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას მხარადჭერა გამოუცხადეს, როგორც რეგიონის ქვეყნებმა, ასევე აშშ-მარუსეთმა და ევროპის წამყვანმა ქვეყნებმაც.

ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის მთავარი მოწინააღმდეგეები განსაკუთრებით თურქეთი და ირანია. ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები ფიქრობენ, რომ ამან შესაძლოა, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქურთებში სეპარატისტული ძალები კვლავ გააქტიუროს და მათ სურვილს ლეგიტიმაცია შესძინოს. 23 აგვისტოს ერბილს თურქეთის პრემიერ-მინისტრი მევლუთ ჩავიშოღლუ ეწვია და მასუდ ბარზანის შეხვდა. პრემიერმა რეფერენდუმს კარგი იდეა არ უწოდა, მაგრამ განაცხადა, რომ თურქეთი პატივს სცემს ერაყის ქურთების გადაწყვეტილებას და რეფერენდუმის შემდგომ ქურთისტანის რეგიონთან საზღვარს არ დაკეტავს. თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბექირ ბოზდაგმა კი რეფერენდუმს ‘ისტორიული შეცდომა’ უწოდა.

მიუხედავად ამისა, თურქეთის ლიდერმა ბოლო განცხადებებში ერაყელ ქურთებს რეფერენდუმის გაუქმება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალური ანკარა მათზე სანქციების დაწესებასგანიხილავს. განცხადებების პარალელურად თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო, სადაც ასამდე სამხედრო ტექნიკა იღებს მონაწილეობას. მათ უმრავლესობას ტანკები წარმოადგენდნენ. თურქული მხარის განცხადებით წვრთნები 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

თურქეთის მსგავსი განცხადებები გააკეთეს ირანის მთავრობის წარმომადგენლებმა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაჰრამ ღასემიმ განცხადა, რომ ირანი ერაყის ტერიტორიის ურღვევობის პრინციპს მტკიცედ უჭერს მხარს და ქურთისტანის შესაძლო გამოყოფამ შესაძლოა რეგიონში კიდე უფრო დაძაბოს სიტუაცია. აგვისტოში ანკარას იშვიათი სამდღიანი ვიზიტით ირანის სამხედრო მეთაური გენერალი მუჰამედ ჰუსეინ ბაღერი ეწვია, მის თურქ კოლეგას და ქვეყნის ლიდერსაც შეხვდა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მხარეებს შორის სასაუბრო თემა ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იყო. მხარეები საერთო პოზიციაზე და მოვლენების დაძაბვის შემთხვევაში კოორდინირებული ქმედებების განცხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ნიუ იორკში მიმდინარე გენერალური ასამბლეის პარალელურად ერთმანეთს სამი ქვეყნის – ერაყი, ირანი, თურქეთი – საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ და ბარზანის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს თავი შეიკავოს რეფერენდუმის ჩატარებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ერაყელი ქურთები და აშშ დიდი ხანია სტრატეგიული მოკავშირეები არიან, ამერიკული მხარეც მასუდ ბარზანის რეფერედუმის ჩატარებას არ ურჩევს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, ახლა მსგავსი ღონისძიების განხორციელება მნიშვნელოვნად დააზარალებს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის საერთო ფრონტს, რომლის შესუსტების ნიშნებიც უკვე გამოჩნდა. ამერიკული მხარის ამგვარ პოზიციას უარყოფითად შეხვდნენ ქურთისტანში, რომელიც აშშ-ის მთავარი მოკავშირე იყო ერაყის ომში სადამ ჰუსეინის რეჟიმის შეცვლასა და ახლა დაეშთან წინააღმდეგ ბრძოლაში. აშშ რჩება ქურთების მთავარ პარტნიორად და სამხედრო კუთხით ფინანსური დახმარების გამღებად. 2016 წლის შეთანხმებით ქურთულმა ფეშმერგამ აშშ-ისგან 400 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარება მიიღო. აშშ-ის ამგვარი პოზიცია გამოწვეულია იმით, რომ მას ოფიციალურ ბაღდადთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს იმ დროს, როდესაც ერაყის ორ მთავარ მეზობელ სირიასა და ირანთან კონფრონტაციულ მდგომარეობაშია.

ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც გაცხადებულად უჭერს მხარს ქურთისტანის დამოუკიდებლობას ისრაელია. ქვეყნის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქურთი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას ოფიციალური განცხადებით ორი კვირის წინ დაუჭირა მხარი. მსგავსი განცხადება ნეთანიაჰუმ 2014 წელსაც გააკეთა. დამოუკიდებელი ქურთისტანი ისრაელის ინტერესებში შედის, რადგან იგი სტრატეგიულად რეგიონში ანტიარაბულ, ანტიირანულ და ანტითურქულ ნაღმს წარმოადგენს. ერაყში დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფო მისი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობისთვის საფრთხეს შექნის და მათ შიდა პოლიტიკაში დაძაბულობას გაზრდის. ბუნებრივია, ამგავრი სცენარი ისრაელის უსაფრთხოებას გააძლიერებს და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში არაბული ქვეყნების ჩართვას შეასუსტებს, რადგან რეგიონის ქვეყნებს ყურადღება შიდა სტაბილურობის შენარჩუნებაზე ექნებათ გადატანილი. ისრაელს ერაყის ქურთისტანთან 1960 წლიდან ზომიერი სამხედრო და სადაზვერვო კავშირები აქვს, მაგრამ თურქულ ქურთების მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოფიციალურ ბაღდადს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნია, რადგან ერაყი ისრაელის სახელმწიფოებრიობას არ აღიარებს.

ისრაელის გაცხადებულმა მხარდაჭერამ უკმაყოფილება გამოიწვია ქურთებში. ერაყელი ქურთები პალესტინის მხარდამჭერები არიან და მასთან ერთად რეპრესირებულ ხალხად მიიჩნევენ თავს.

 

კირკუკის პრობლემა

ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში შესაძლოა, ბაღდადსა და ერბილს შორის ქალაქ კირკუკში სამხედრო დაპირისპირება მოხდეს. ოფიციალურად ქალაქი ბაღდადს ექვემდებარება, მაგრამ ამჟამად იგი ქურთების კონტროლის ქვეშაა. ქალაქის შემოგარენი ნავთობის რესურსით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია ერაყის ტერიტორიაზე. აქედან თურქეთისკენ ორი მსხვილი ნავთობსადენი მიემართება, რომელთა საერთო მოცულობა დღიური 1.4 მილიონი ბარელია.

კირკუკი ისტორიულად მულტიეთნიკური ქალაქია, სადაც არაბები, ქურთები, თურქმენები, ასირიელები და ებრაელები ერთად ცხოვრობენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქურთების ერთობა ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მსხვილია, მაგრამ ქურთები ქალაქის უმრავლესობას მაინც არ წარმოადგენენ. ამას ადასტურებს ერაყის ტერიტორიაზე ჩატარებული 1957, 1977, 1997 წლების დემოგრაფიული აღწერები. მაგრამ ქურთების მიერ ქალაქის მათ მფლობელობაში გადასვლის სურვილს მათი ერთი არგუმენტი ამყარებს – გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებში მმართველის პანარაბული ბაასის პარტია ქალაქიდან ქურთების გასახლებას და არაბების ჩასახლებას პერმანენტულად ახორციელებდა.

კირკუკის გაკონტორლება მისი მდიდარი რესურსებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი ქურთისტანის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, მაგრამ როგორც მიმდინარე მოვლენები აჩვენებს მათ ამ მიზნის მიღწევა გაუჭირდებათ. გასულ კვირას ქალაქში რეფერენდუმთან დაკავშირებით ქურთებსა და თურქმენებს შორის შეტაკება უკვე მოხდა. შეტაკებას ერთი ადამიანისსიცოცხლე ემსხვერპლა. ქალაქის პოლიციამ კი კომენდატის საათი გამოაცხადა.

 

დასკვნის მაგიერ

რთული სათქმელია, გახდება თუ არა ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი რეგიონის ფორმალური დამოუკიდებლობის დასაწყისი, მაგრამ რეფერენდუმი რამდენიმე სხვა მიზნის მიღწევას მაინც შეეცდება. პირველი, რაც რეფერენდუმმა შედეგად შეიძლება გამოიღოს ქურთისტანის შიდაპოლიტიკურ სტაბილურობის მიღწევა და მოსახლეობის კონსოლიდაციაა. მეორე მიზანი ქურთული ფეშმერგას მიერ ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ერაყის ტერიტორიებზე, რაზედაც ქურთები უკვე დიდი ხანია პრეტენზიას აცხადებენ, ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ხელისუფლების ლეგიტიმაციის მოხდენაა. რეფერენდუმის მესამე მიზანი საერთაშორისო საზოგადოების მზაობის გარკვევაა – რეგიონული მთავრობა დაინახავს, დაჭირდება თუ არა ქურთებს ბაღადადთან სამხედრო დაპირისპირებით დამოუკიდებლობის სტატუსის მოპოვება, თუ ამას ისინი საერთაშორისო მხარდაჭერითა და ბაღდადზე ზეწოლით მიაღწევენ. დამოუკიდებლობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეფერენდუმის მეოთხე მიზანი ოფიციალურ ბაღდადთან პოლიტიკურად სავაჭრო ინსტრუმენტის შექმნა იქნება, რომლითაც ერბილი ერაყის ცენტრალური მთავრობისგან მზარდ სხვადასხვა ტიპის ბენეფიტებს მიიღებს.

მასუდ ბარზანის მიერ ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადება მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონში სამხედრო დაპირისპირებების ალბათობას, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს ტერორისტული ორგანიზაციების ქმედებების არეალის გაფართოებას და გახშირებას. ბუნებრივია, ერბილში ფიქრობენ ამ რისკის გაწევის საფასურზეც, მაგრამ მათთვის სასწორის მეორე მხარეს უფრო მნიშვნელოვანი რამ – ისტორიული ქურთების დამოუკიდებლობა დევს.