ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

19 მაისს, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რიგით მე-12 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, 1636 რეგისტრირებული კანდიდატიდან 137 ქალია. გასული წლის დეკემბერში კონსტიტუციის დამცველთა საბჭოს სპიკერმა აბას ალი კადხოდაეის ოფიციალური განცხადებით, ირანელ ქალებს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირების უფლება პირველად მიეცათ. საბჭო, რომლის მთავარი ფუნქცია ირანის კონსტიტუციის ინტერპრეტაციაა, კანდიდატების სხვადასხვა სპეციფიკური კრიტერიუმების მიხედვით საბოლოო გადარჩევას აპრილის ბოლოს დაასრულებს.

ირანის პრეზიდენტი ქვეყანაში მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობს. ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის შემდგომ, იგი ქვეყნის პირველი პირია. პრეზიდენტი მთავრობის ხელმძღვანელია, რომელიც მინისტრების კანდიდატურებს პარლამენტს დასამტკიცებლად სთავაზობს. იგი ქვეყნის მთავარსარდალია და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეუძლია. პრეზიდენტი ქვეყნის ბიუჯეტის შედგენაშიც წამყვანი ფიგურაა.

ირანში, მაისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გაარკვევს ხელისუფლებაში კონსერვატორი ‘ჰარდლაინერები’ დაბრუნდებიან და მათ მიერ საერთაშორისო დაძაბულობა განახლდება თუ არსებული ზომიერთა რეჟიმი შენარჩუნდება; 2015 წელს, დასავლეთთან დადებული ე.წ. ბირთვული შეთანხმებით (‘ქმედების ერთიანი ყოვლისმომცველი გეგმა’ –JCPOA) დაწყებული დაძაბულობის განმუხტვის პროცესი გაგრძელდება და ირანი გლობალურ ეკონომიკაში რეინტერგრაციას მოახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს, ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებშიმოსახლეობამ რეფორმისტთა კოალიციას დაუჭირა მხარი, რომლის წევრიც მოქმედი პრეზიდენტის ჰასან როჰანის ზომიერებისა და განვითარების პარტიაცაა, საპრეზიდენტო არჩევნებში როჰანის ხელმეორედ არჩევის პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როჰანს კრიტიკოსები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების დაპირების ვერ შესრულების გამო აკრიტიკებენ. ირანის ეკონომიკა მოხსნილი საერთაშორისო სანქციების შედეგად ქვეყანაში შემოსულ უცხოურ ინვესტიციებს უნდა გაეზარდა, რაც ჯერჯერობით, როგორც ნავარაუდები იყო არ ხორციელდება.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარ თემებად ბირთვული შეთანხმების მომავალი და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა რჩება. იგი შეიძლება, ბირთვული შეთანხმების რეფერენდუმადაც კი ჩაითვალოს. თუკი მოსახლეობა კვლავ როჰანს აირჩევს ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ისინი ამ შეთანხმების მომხრეები არიან, თუ არადა პირიქით.

 

ჰასან როჰანი და მისი ოპონენტები

მიუხედავად კრიტიკისა, ირანის პრეზიდენტობის მთავარ პრეტენდენტად მაინც ჰასან როჰანი რჩება, რადგან ირანულ საზოგადოებაში ‘ჰარდლაინერების’ პოლიტიკის მიმართ მკვეთრი ნეგატიური დამოკიდებულება სუფევს და ზომიერების მიმართ მხარდაჭერა ნარჩუნდება. ირანელებს არ სურთ მაჰმუდ აჰმადინეჯადის ეპოქის დაბრუნება და არჩევანის გაკეთება არსებულ ცუდსა და პოტენციურ უარესს შორის უწევთ.

2013 წელ ირანელებემა როჰანის ზომიერებისა და გონივრულობის’ პოლიტიკას დაუჭირეს მხარი, რადგან თვლიდნენ რომ საერთაშორისო სანქციებმა მათი ცხოვრების სტანდარტი და ქვეყნის რეპუტაცია საგრძნობლად შელახა. როჰანი კი მათ საპირისპიროს, სანქციების მოხსნას და ‘ქვეყნისთვის ღირსების დაბრუნებას’ პირდებოდა.

ჰასან როჰანი, მისი ზომიერი ხედვების გამო ანტიისტელბიშმენტურ კანდიდატად აღიქმებოდა, ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეიც მის მიმართ მაღალი ნდობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ქვეყანაში ‘ჰარდლაინერების’ მიერ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელად, მან როჰანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

ჰასან როჰანი ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტთან პირადპირი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. მან ამომრჩეველს არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგებაც დაჰპირდა.

როჰანმა მისი მთავარი დაპირება 2015 წელს შეასრულა, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ ქვეყანასა და გერმანიასთან (P5+1) საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებასმიაღწია. შეთანხმების მიხედვით, ირანი ურანის გამდიდრებას მნიშვნელოვნად შეამცირებდა, სანაცვლოდ კი საერთაშორისო სანქციების მოხსნას მიიღებდა. შეთანხმებამ როჰანს საშუალება მისცა მისი ეკონომიკური მიზნებისთვის მიეღწია.

2013 წლისთვის ირანში ინფალციის დონე 40% იყო, რაც საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო კალათას მნიშვნელოვნად აძვირებდა. ეკონომიკური სანქციების მოხსნით, ირანმა შეძლო ნავთობის გაყიდვა და შესაბამისად, მისი ექსპორტი გაიზრადა. ექსპორტის ზრდამ 2016 წლისთვის  ინფალცია ერთნიშნა ნიშნულზე 7.5%-ზე დაიყვანა.

მიუხედავად ამგავრი წარმატებებისა, დღეს მის მიმართ კრიტიკა მაინც ძლიერია. აიათოლა ხამენეის როჰანის ეკონომიკურ პოლიტიკა არ მოსწონს. ირანში უმუშვერობის დონე მაღალია (12.7%), რომლის მნიშვნელოვნად შემცირება როჰანმა ვერ მოახერხა. აქამდე როჰანი მის მიერ გატარებულ პოლიტიკების მხარდაჭერისთვის სულიერ ლიდერს მადლობას უხდიდა და ამით ‘ჰარდლაინერებისგან’ შეტევებს აცხრობდა. ახლა უკვე ხამენეიმ ‘ჰარდლაინერებს’ შესაძლებლობა მისცა როჰანი თავისუფლად გააკრიტიკონ.

ირანის სოციალურად დაბალ ფენებში ჰასან როჰანს დაბალი მხარდაჭერა აქვს, რადგან მან აჰმადინეჯადის დროს, ღარიბი ფენისთვის შემოღებული ყოველთვიური ვაუჩერები, ბენზინის ტალონები, ხოლო ‘მეჰრის’ საბინაო პროექტი მიმდინარე წლის დასაწყისში შეაჩერა, რადგან ყოველივე ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ინფალციის დონეს ზრდიდა.

ჰასან როჰანმა ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების პირობაც ვერ შეასრულა. მისი მმართველობისას დაპატიმრებულ პოლიტიკურ დისიდენტთა, მათ შორის ჟურნალისტების რაოდენობა არ შემცირებულა. პარადოქსულია, მაგრამ ბოლო წლებში ირანში საჯარო სიკვდილით დასჯის რაოდენობა მაჰმუდ აჰამდინეჯადის მმართველობის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია, რაც წელიწადში რამდენიმე ასეულს აღწევს. 2016 წელს, ერთ-ერთ საპყრობილეში 33 სუნიტი ქურთი ერთდროული სიკვდილით დასაჯეს. შესაბამისად, როჰანს საზოგადოებაში შიშის დანერგვაში ადანაშაულებენ.

ამას გარდა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სირიაში, ერაყსა და იემენში დაწყებულმა კონფლიქტებმა, ჰასან როჰანს არათუ საშულება მისცა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობები დაელაგებინა, არამედ მათთან კონფრონტაცია უფრო გააქტიურა.

არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის მთავარი ოპონენტი ‘ჰარდლაინერი’ 56 წლის სასულიერო პირი და მოსამართლე ებრაჰიმ რაიზი იქნება. რაიზი 77 წლის აიათოლა ხამენეის მემკვიდრედ ითვლებოდა, მაგრამ მან მოულონელად, ქვეყნის პრეზიდენტობაზე კენჭისყრის სურვილი გამოთქვა. მისი კამპანიის სამიზნე ჯგუფი ღარიბი რელიგიური ფენაა, შესაბამისად, მისი მთავარი დაპირება სიღარიბესა და კორუფციასთან ბრძოლა იქნება.

რაიზი ხამენეის მთავარი კანდიდატია. მას, ზოგადად პოლიტიკაში გამოცდილების არქონის გამო, გაურკვეველი საგარეო ხედვა აქვს. მიუხედავად, მისი კონსერვატული შეხედულებებისა, ვარაუდობენ, რომ ბირთვულ შეთანხმებას იგი საფრთხეს არ შეუქმნის. რაიზის ერთ-ერთი განცხადებით, თუკი ის ხელისუფლებაში მოვა ყველა საერთაშორისო მოთამაშესთან, ურთიერთპატივისცემის ფარგლებში, აქტიური დიალოგი ექნება, მხოლოდ ‘ისრაელის ოკუპაციური ძალის’ გარდა.

ირანელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რაიზის დამარცხება მის, როგორც მომავალი სულიერი ლიდერის რეპუტაციას საგრძნობლად შელახავს.

როჰანს კონკურენციას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადიც გაუწევს. მიუხედავად, აიათოლა ხამენეის გაფრთხილებისა, რომ მას კენჭი არ ეყარა, აჰამდინეჯადმა მისი კანდიდატურა მაინც დაარეგისტრირა. ხამენეი მისი რვაწლიანი მმართველობით (2005-13) საკმაოდ უკმაყოფილოა. მან 2009 წლის არჩევნებში აჰმადინეჯადის გამარჯვების შემდგომ დაწყებული რეპრესიები გაიხსენა, რომელმაც ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალა. ხამენეის აზრით, აჰმადინეჯადის გამარჯვება საზოგადოების მკვეთრ პოლარიზაციას გამოიწვევს, რისი ფუფუნებაც ირანს უკვე აღარ აქვს.

მაჰმუდ აჰმადინეჯადი ‘ჰარდლაინერების’ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც მკვეთრი ანტი-ამერიკანისტი და ანტი-სიონსტია. მისი გაპრეზიდენტება დიდი ალბათობით, ბირთვული შეთანხმების გაგრძელებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. მან როჰანი ბირთვული შეთანხმებისას დასაველთის ლიდერებთან პრინციპულობის არ გამოჩენის გამო გააკრიტიკა. აჰმადინეჯადი სწორედ ამას უკავშირებს დასავლეთის მხრიდან პირობების ბოლომდე შეუსრულებლობას. 2016 წელს ირანს საერთაშორისო სანქციების მხოლოდ ნაწილი მოუხსნეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როჰანის წინააღმდეგ ირანის რევოლუციური გვარდიაცაა. მათ ბირთვული შეთანმხების შედეგად მოხსნილი საერთაშორისო სანქციები არ მოსწონთ. წლების განმავლობაში, სანქციების ქვეშ მყოფ ირანში შექმნილი შავი ბაზრით სწორედ რევოლუციური გვარდია სარგებლობა. როჰანის ეკონომიკური ლიბერალიზაცია და გლობალურ ეკონომიკაში ჩართვა მათ ეკონომიკურ ინტერესებს აზიანებს.

 

ჰასან როჰანის გაპრეზიდენტების შანსები

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის მხარდაჭერა პრაქტიკულად, განახევრდა და მის მიმართ ეკონომიკური მდგომარეობის გამო კრიტიკა გახშირდა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტი მაინც ის იქნება. ამის თქმის საფუძველს რამდენიმე ფაქტორი იძლევა:

1)      ირანის პარლამენტში რეფორმისტთა და ზომერთა კოალიცია, რომლის წევრიც როჰანის პარტიაცაა, ერთიანობას მტკიცედ ინარჩუნებს, რაც პრეზიდენტს დამაჯერებლობას სძენს;

2)      მომავალ არჩევნებში ამომრჩეველთა მაღალი დასწრებაა მოსალოდნელი, რომელიც ისტორიულად ყოველთვის ზომიერ პოლიტიკოსთა სასარგებლოდ მთავრდებოდა;

3)      კონსერვატორთა და ‘ჰარდლაინერთა’ რიგებში ერთიანობის მიღწევა ახლაც რთულია. მათ ეს ვერც 2013 წლის საპრეზიდენტო და ვერც 2016 საპარლამეტო არჩევნებში ვერ მოახერხეს;

4)      გასულ წელს ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის უმრავლესობა ბირთვული შეთანხმების მომხრეა და დასავლეთთან ნორმალიზებული ურთიერთობის ჩამოყალიბება სურს.

უარეს შემთხვევაში ჰასან როჰანი პირველივე ტურში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს და პრეზიდენტობის მეორე ვადით ასარჩევად მეორე ტური დასჭირდება.

 

ურთიერთობა აშშსთან და რუსეთთან

ირანი აშშ-ის ახალი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამიზნეში ჯერ კიდევ მის საარჩევნო კამპანიისას მოხვდა. იმ ჩამონათვალთა შორის, რის გამოც ტრამპი ბარაკ ობამას პრეზიდენტობას აკრიტიკებდა, ირანთან ბირთვული შეთანხმების დადებაც იყო. მან შეთანხმებას ყველაზე ცუდი გარიგება’ უწოდა და ირანი აშშ-ის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

ტრამპს ამ შეთანხმების გაუქმება სურს, მაგრამ ამგვარი ქმედება მხოლოდ აშშ-ზე არ არის დამოკიდებული. შეთანხმების მონაწილეები მსოფლიოს სხვა ლიდერი ქვეყნებიც არიან, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ამჟამად აშშ-ისთან ცხად კონფრონტაციაში იმყოფებიან. შეთანხმება ასევე მისაღებია ევროპის კავშირის წამყვანი ქვეყნებისთვისაც (საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი).

დონალდ ტრამპი შეთანხმების ფარგლებში დარჩენილი სანქციების გამკაცრებას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ მან ირანის ბირთვული პროგრამა მკაცრად გააკრიტიკა, რასაც ჰასან როჰანის პასუხი მოჰყვა. როჰანის თქმით, ირანის სამხედრო პოტენციალის გაზრდა მხოლოდ ირანის გადასაწყვეტია და მათ ამისთვის სხვისი ნებართვა არ სჭრიდებათ.

ირანი იმ ექვს მუსლიმურ ქვეყანას შორის მოხვდა, რომლთა მოქალაქეების აშშ-ში მიღებაც დონალდ ტრამპმა გაპრეზიდნტებიდან მეორე კვირაშივე აკრძალა. მიზეზი აშშ-ში გაზრდილი ტერორისტული საფრთხის შემცირება და აქტების პრევენცია იყო. მოგვიანებით, პრეზიდენტის ბრძანება ფედერალურლმა სააპელაციო სასამრთლომ შეაჩერა.

ტრამპისთვის ირანი კიდევ ერთ საკითხშია ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე. სირიის კონფლიქტში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამცველი რუსეთთან ერთად სწორედ, ირანის ხელისუფლებაა, რომელიც რეჟიმს სამხედრო კუთხით აქტიურად ეხმარება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა რექს ტილერსონამ მის უკანასკნელ მიმართვაში ირანი ტერორიზმის ‘ექსპორტში’ და რეგიონში დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა. მან იგი ჩრდილოეთ კორეას შეადარა, რომელთანაც ‘სტრატეგიული მოთმინების’ პოლიტიკა არ მუშაობს.

ირანის კონსერვატორი ‘ჰარდლაინერები’ აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას ‘მიესალმნენ’. ირანის მიმართ ტრამპის აგრესიული რიტორიკა მათ შესაძლებლობას აძლევს ბირთვული შეთანხმება გააკრიტიკონ და მოსახლეობაში მხარდაჭერა მოიპოვონ. თუკი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპის ადმინისტრაცია ამ კუთხით რაიმე ხისტ ნაბიჯს გადადგამს, დიდი ალბათობით,  ‘ჰარდლაინერების’ მხარადჭერა მომენტალურად გაიზრდება და შესაძლოა, როჰანის დამარცხებაც კი გამოიწვიოს.

შედეგად, აშშ-ისთვის მნიშვნელობა არ აქვს ირანის ხელიფულებაში ზომიერი თუ კონსერვატორი ძალა იქნება, მისი აგრესიული რიტორიკა მაინც გაგრძელდება. ‘ჰარდლაინერების’ გამარჯვების შემთხვევაში საერთაშორისო დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

ირანსა და რუსეთს ხანგრძლივი არამყარი, მაგრამ საერთო ინტერესებზე დამყარებული თანამშრომლობა აქვთ. ასეთივე სიტუაციაა ახლაც. ჰასან როჰანი მარტის ბოლოს ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ეწვია, სადაც მხარეებმა სამომავლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს. საერთაშორისო სანქციების მოხსნის ფონზე, როჰანს სურს რუსეთიდან ირანის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსთვის ინვესტიციები მოიზიდოს. ქვეყნები ნავთობპროდუქტების წარმოებასა და ექსპორტში კონკურენტები რჩებიან და მათ შორის ეს თემა არ განიხილება.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ირანს ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობაში აქტიურად ეხმარებოდა, რომელიც საბოლოოდ 2011 წელს გაიხსნა.

რუსეთისთვის ირანი ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი სანდო პარტნიორია, რომელიც სირიის კონფლიქტში მის მხარესაა. ისინი სირიაში დასავლურ კოალიციას ერთად ებრძვიან, რაც მათ მნიშვნელოვნად აახლოებთ. ახლა ირანის მიზანია სირიის კონფლიქტზე ასტანას მოლაპარაკებებში რუსეთ-თურქეთის ბოლონდროინდელი დაახლოების ფონზე მისი პოზიცია არ შესუსტდეს და პრობლემის გადაჭრაში აქტიური როლი ითამაშოს.

აპრილის დასაწყისში, აშშ-ის სამხედრო ხომალდიდან სირიის ავიაბაზაზე განხორციელებული სარაკეტო იერიში რუსეთმა და ირანმა ერთდროულად დაგმეს. მათ ასევე ინიციატივა გამოთქვეს იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე საერთაშორისო მიუკერძოებელი გამოძიება დაიწყოს.

რუსეთისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ირანის მომავალი პრეზიდენტი. ჰასან როჰანი ვალიდმერ პუტინს უკვე რამდენჯერმე ესტუმრა მოსკოვში და მათ შორის პოზიტიური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. თუკი არჩევნებში ‘ჰარდლაინერები’ გაიმარჯვებენ შესაძლოა, ეს რუსეთისთვის შედარებით უკეთესი იყოს, რადგან ისინი სირიის კონფლიქტში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან და ასევე აშშ-სა და დასავლეთს კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნიან.

 

საქართველო და ირანის არჩევნები

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს გარკვეული გავლენა საქართველოზეც ექნება.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ირანის მიმართ არაერთგვაროვანი პოლიტიკა ჰქონდა. 2010 წელს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ქვეყნებს შორის 45 დღიან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას მოაწერეს ხელი. ამ შეთანხებამ გამოიწვია ის, რომ ირანიდან შემოსული მოქალაქეების რიცხვი 21 000-დან 90 000-მდე გაიზარდა ორ წელიწადში. ამასთანავე, შეთანხმებას ეკონომიკური აქტივობის ზრდაც მოჰყვა. გაიზრადა სავაჭრო ბრუნვაც. 2010-13 წლის პერიოდში საქართველოდან ირანში ექსპორტის მოცულობა 300%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 110%-ით.

2013 წლის ივლისში, საქართველოს მთავრობამ უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად შეაჩერა. რამაც როგორც ირანელ ტურისტთა ნაკადი (25 000 ტურისტი  2015 წლისთვის), ასევე სავაჭრო ურთიერთობებიც შეასუსტა, რაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებაზე აისახა. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ისა და ისრაელი ზეწოლის შედეგად მიიღო, რადგან ამ დროისთვის ირანზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები მოქმედებდა.

2016 წლის თებერვალში, ქართულმა მხარემ ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა განაახლა. სავარაუდოა, რომ ეს გადაწყვეტილება ირანის ბირთვული შეთანხმების შედეგად განხორციელდა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ ირანის ისლამურ რესპუბლიკას სანქციათა ნაწილი მოუხსნა. გადაწყვეტილებამ ქვეყნების შორის მანამდე არსებული ეკონომიკური ურთიერთობის ტენდენცია კვლავ აღადგინა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი ირანელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად საქართველოს სტუმრობდა. ქართული მხარის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრისას მთავარი თემა სწორედ სავაჭრო-ეკონომოკური თანამშრომლობის გაზრდა და კავკასიის სატრანზიტო დერეფანის პოტენციალის ათვისება იყო. ამავე საკითხებზე სასაუბროდ უკვე 22-23 აპრილს თეირანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეწვევა.

საქართველოს მთავრობა ეკონომიკაში ლიბერალური პოლიტიკის მიმდევარია, რომლის მთავარი ორიენტირი პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციები და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთოებია. ამ პირობებში ირანის მნიშვნელობა და მასთან, როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკის ქვეყანასთან სამომავლო ურთიერთობის პოტენციალი მნიშვნელოვნად იზრდება.

თუკი ქართულ მხარეს ურთიერთობის ამ სცენარით განვითარება სურს, მაშინ მისთვის ხელსაყრელი ირანის მთავრობაში ზომიერ პოლიტიკოსთა ყოფნა ანუ ჰასან როჰანის ხელმეორედ გაპრეზიდენტება იქნება მისაღები. მაგრამ თუკი არჩევენბში ‘ჰარდლაინერი’ კანდიდატი გაიმარჯვებს საგრძნობლად იზრდება ალბათობა, რომ ირანზე საერთაშორისო სანქციები კვლავ განახლდება და მასთან როგორც თავისუფალი მიმოსვლის, ასევე სავაჭრო ურთიერთობების დამყარება კვლავ გართულდება. როგორც აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს შესაძლოა ამ კუთხით საკუთარი ინტერესების დათმობა მოუწიოს.

შენიშვნა: სტატია დაწერილია 20 აპრილს.

 

დატოვე კომენტარი