ეკონომიკის სამინისტრო უკვე 1,5 წელია ნაქირავებში ცხოვრობს

  სამინისტრომ დღემდე მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ქირის გადასახადში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2016 წლის 1 აპრილიდან „ბელინკსიზე“ ნაქირავებში ცხოვრობს. სამინისტროს მას შემდეგ მოუწია ბიზნეს-ცენტრის დაქირავება, რაც 2015 წლის ივნისში მისი შენობა აუქციონზე გამოიტანა გასაყიდად.
2015 წლის 26 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად აუქციონზე 29 მაისს გამოიტანა. ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობის საწყისი ფასი 6 მლნ აშშ დოლარი იყო.
“აღნიშნული ქონება მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, ტურისტულად აქტიურ ზონაში. მისგან 300 მეტრის დაშორებით განთავსებულია კინოთეატრი, მუზეუმები, ნახევარი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს თბილისში განთავსებული მაღალი კლასის სასტუმროები და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ასევე – კულტურული ცენტრები და სავაჭრო დანიშნულების ობიექტები. შენობას მნიშვნელოვან ხიბლს მატებს მის წინ განთავსებული პარკი,” – განაცხადა 2015 წლის 29 მაისს ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ეკატერინე სისაურმა.
უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4 210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი 11 271.52 კვ.მ-ია. ობიექტს გააჩნია საკუთარი ტერიტორია პარკინგისათვის.
აუქციონი გამოცხადდა შემდეგი პირობებით: საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი ფასი შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს; მყიდველის ვალდებულებაა 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება; მყიდველი ასევე ვალდებული იყო 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყო გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის მიერ უძრავი ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობა; მყიდველი ვალდებულია საპრივატიზაციო საფასური გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
2015 წლის ივნისში ეკონომიკის სამინისტროს შენობ აუქციონის პრინციპით ფიზიკურმა პირმა თამარ მაზიაშვილმა შეიძინა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი მაზიაშვილი ჩინური ფირმა „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენელია. კომპანიამ ეს ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.
“26 ივნისს, თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით გამართულ აუქციონზე, “ჰუალინგ ჯგუფმა” აღნიშნული შენობა 9 450 000 აშშ დოლარად შეიძინა. “ჰუალინგ ჯგუფი” აუქციონის პირობებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად, 3 წლის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობას გეგმავს”, – აღნიშნა “ჰუალინგ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თინათინ შიშინაშვილი.
“ჰუალინგ ჯგუფი” ჩინური კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2007 წელს შემოვიდა და ამ ეტაპისთვის რამდენიმე მსხვილი პროექტი განახორციელა. “ჰუალინგ ჯგუფის” საინვესტიციო კაპიტალმა 2014 წლის ბოლოსთვის 500 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია მასშტაბური დეველოპერული პროექტი _ “ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი”, სადაც განთავსებულია “თბილისი 2015”-ის ოლიმპიური სოფელი, სავაჭრო კომპლექსი “ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზა”, “ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”, “ბაზისბანკი”, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”
2016 წლის 1 აპრილიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თბილისში, ჭოველიძის ქ. 10-ში მდებარე შენობა შპს „ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან“ წლის ბოლომდე იქირავა. ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ჯამში ეკონომიკის სამინისტროს შენობის დაქირავება 2016 წელს 675 000 დოლარი დაუჯდა. შენობა უზრუნველყოფილია სამუშაო პროცესისთვის საჭირო ავეჯით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პარკინგით. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ შენობაში ინტერნეტის ქსელის მოსაწყობად ეკონომიკის სამინისტრომ 33 600 ლარს დახარჯა.
გასული წლის აპრილში, როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ნაქირავებ შენობაში გადავიდა, უწყებამ დააანონსა, რომ სამომავლოდ, ოფისისთვის ახალი შენობის აშენებას გეგმავს და „ბელინსკიზე“ ბიზნეს ცენტრი მხოლოდ წლის ბოლომდე იქირავა. თუმცა უკვე 2017 წლის ნახევარი გაილია და ეკონომიკის სამინისტრო კვლავ ჭოველიძის 10-ში აგრძელებს მუშაობას და ახალი ოფისის აშენებაზე ჯერ საუბარიც კი არ არის.
მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა მის ხელთ არსებულ ქონებას, რომელიც ქალაქის ცენტრში მდგებარეობს კერძო ინვესტორზე ყიდის, ხოლო თვითონ ქალაქგარეთ სხვა უფრო იაფფასიან შენობაში გადადის. ეს შეიძლება იყოს, როგორც ახალი კორპუსის აშენება, ისე სახელმწიფო ქონებაში არსებული ძველი შენობის გარემონტება. ამ ნაბიჯს ქვეყნების ხარჯების ეფექტიანობიდან გამომდინარე დგამენ. თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევას არაფერი აქვს საერთო ხარჯების ეფექტიანობასთან. ასე მაგალითად, აუქციონზე ეკონომიკის სამინისტროს ქონება მიწის საერთო ფართით 4 210.00 კვ.მ, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართით 11 271.52 კვ.მ-ით 9 450 000 აშშ დოლარად გაიყიდა, ანუ კვადრატული მეტრი 838 დოლარად, მაშინ როცა მიმდებარე ტერიტორიაზე 1 კვ.მ. თეთრი კარსასის კომერციული ფართის ღირებულება 1 000 – 1 400 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამასთან ეკონომიკის სამნისტროს ყოფილ შენობას გააჩნია საკუთარი ტერიტორია პარკინგისათვისაც, რაც დამატებით ღირებულებას სძენს მას. აუქციონზე შენობის ფასს, რომ არ მოემატა სახელმწიფო ქალაქის ცენტრში 1 კვ.მ. 532 დოლარად ყიდდა (ეკონომიკის სამინისტროს შენობის საწყისი ფასი 6 მილიონი დოლარი იყო), რაც 2-ჯერ და 3-ჯერ ჩამოუვარდება იმ ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ქონების საშუალო ფასს.
სახელმწიფო ბიუჯეტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილი შენობის გაყიდვიდან 9,45 მლნ. დოლარი მიიღო. თუმცა, ახალ ადგილზე გადასვლიდან დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ქირის სახით მილიონ დოლარზე მეტი აქვს გადახდილი, მიმდინარე წლის ბოლოსთვის კი ეს ციფრი 1,575 მლნ. აშშ დოლარს მიაღწევს, რაც მისი ყოფილი შენობის გაყიდვიდან მიღებული თანხის 16%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს შენობის გაყიდვიდან დღემდე 2 წელი გავიდა დღესაც უცნობია სად აპირებს ეს სტრუქტურა გადასვლას და როდემდე მოუწევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებულ ოფისში ქირით ცხოვრება.
აქვე საყურადღებოა, რომ 2015 წლის 26 ივნისს, როდესაც ეკონომიკის სამნისტროს ყოფილი ქონება გაიყიდა 1 დოლარის კურსი 2,247 ლარი იყო. შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტმა 9,45 მლნ. დოლარის ექვივალენტი, ანუ 21,2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. თუმცა, მას შემდეგ ლარის კურმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა და დღესაც 2,4 ნიშნულზე მაღლა ფიქსირდება. ეკონომიკის სამინისტროს „ბიზნეს ცენტრი ბელინსკზე“ ნაქირავები აქვს აშშ დოლარში თვეში 75 000-ად. შედეგად სახელმწიფო უწყებას 2017 წლის ჩათვლით 1,575 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. თუ გავითვალისწინებთ კურსის ცვლილებას და ბოლო 1 წლიწადში, 2016 წლის 1 აპრილიდან დღემდე 1 დოლარი საშალოდ 2,408 ლარი ღირდა. გამოდის, რომ 2017 წლის ბოლოსთვის ეკონომიკის სამინისტროს ქირის გადასახადი 3,8 მილიონ ლარს მიაღწევს, რაც მისი შენობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 18%-ია.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამაკლერო ოპერაციების შედეგად სახელმწიფო უწყებამ ქალაქის ცენტრში საკუთარი ქონება გაყიდა საბაზრო ღირებულებაზე 2-ჯერ იაფად და ისევ ქალაქის ცენტრში იქირვა ძვირადღირებული შენობა, რომლის ქირაც წელიწადში 900 ათას დოლარს შეადგენს. შედეგად ეკონომიკის სამინისტრომ მისი ყოფილი შენობის გაყიდვის შედეგად შემოსული თანხის 18%-ს ამ წლის ბოლომდე გახარჯავს. ჯერ კიდევ უცნობია სად გადავა ეკონომიკის სამინისტრო, რა დაჯდება იმ ოფისის აშენება და კიდევ რამდენ ხანს აპირებს ძვირადღირებულ შენობაში ცხოვრებას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ხოლო ის, კიდევ ცაკლე საკითხია მოასწრებს თუ არა „ჰუალინგ ჯგუფი“ 1,5 წელიწადში ჭანტურიას ქუჩა 12-ში სასტუმროს გაკეთებას, რადგან საინვესტიციო ვალდებულების თანახმად 2018 წლის ბოლოს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში 100 ადგილიანი სასტუმრო უნდა გაკეთდეს. თუმცა, თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო ყოფილი შენობა 2016 წლის 1 იანვარს უნდა დაეტოვებინა და ინვესტორის კეთილი ნებით 1 აპრილამდე დარჩნენ. არ არის გამორიცხული რომ ხელისუფლება „ჰუალინგ ჯგუფი“ კიდევ ერთი ინვესტორი იქნება, რომელსაც ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს გადაუვადებენ ან საერთოდ გაუუქმებენ.