ალექსეი დიუმინი: გენერალი, გუბერნატორი, პუტინის მემკვიდრე?

გასულ წელს, როდესაც ალექსეი დიუმინი ტულას ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, იგი საჯარო სივრცეში სწრაფად აღიქვეს ვლადიმირ პუტინის შესაძლო მემკვიდრედ. მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა ჭორები ამ თემაზე არ განელებულა. რადგანაც რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის მემკვიდრეობის საკითხი საკმაოდ რთულია, მისი პოტენციური მემკვიდრეები ჯეროვან განხილვას საჭიროებენ.

 

გენერალი

დიუმინის ფიგურისადმი ყურადღება თავიდანვე მის ბიოგრაფიასთან იყო დაკავშირებული.

ალექსეი დიუმინი დაიბადა 1972 წლის 28 აგვისტოს კურსკში. მისი მამა გენადი დიუმინი, სამხედრო ექიმი და გადამდგარი პოლკოვნიკი, 2013 წლის აგვისტოში თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს მეოთხე განყოფილების უფროსად დაინიშნა. უფროსი დიუმინის მეგობარი იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრი პაველ გრაჩოვი, 1990-იანი წლების რუსული ელიტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

1994 წელს ალექსეიმ დაამთავრა ვორონეჟის უმაღლესი სამხედრო-საინჟინრო რადიოელექტრონიკის სასწავლებელი. 1995 წლიდან მსახურობდა ФСО-ში, შემდეგ პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურში. მისი ბიოგრაფიის ეს ეპიზოდები გასაგები მიზეზების გამო გასაიდუმლოებულია, თუმცა პრეზიდენტთან დიუმინის სიახლოვე ნათლად ჩანს. „კომერსანტთან“ ინტერვიუში დიუმინი იხსენებს, თუ როგორ დაყვებოდა პრეზიდენტს ჯერ კიდევ ჩეჩნეთის ომის დროს, ანუ პუტინის მმართველობის დასაწყისში. ერთხელ, როდესაც პრეზიდენტს რომელიღაც მოშორებულ ობიექტზე მთებში იცავდა, მას რეზიდენციისგან დათვის განდევნა მოუწია. ამასთან დიუმინმა არ მოკლა ცხოველი, რისთვისაც პუტინის მადლობა დაიმსახურა.

2007-2008 წლებში დიუმინი ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ზუბკოვის დაცვის სამსახურს. პრეზიდენტის უსაფრთხოებაში სამსახურის დასრულების დროს, მედიის ინფორმაციით, დიუმინი ფაქტიურად მთელ სტრუქტურას ხელმძღვანელობდა (ოფიციალურად დიუმინის ხელმძღვანელად ვიქტორ ზოლოტოვი რჩებოდა).

2014 წელს ახალშექმნილ რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს მეთაურობდა. ამ როლში იგი ყირიმის ანექსიის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. დიუმინს ასევე მიიჩნევენ რუსეთში უკრაინის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გაყვანის ერთ-ერთ ორგანიზატორად. თავად დიუმინი ბოლო ინფორმაციას უარყოფს, რაც გასაკვირი არ არის – ასეთი ოპერაციები საიდუმლო ხასიათს ატარებს. სავარაუდოდ, სწორედ ყირიმის ოპერაციის გამო დააჯილდოვეს დიუმინი საიდუმლო ბრძანებით რუსეთის გმირის ვარსკვლავით.

2015 წელს დიუმინის კარიერამ მოულოდნელი ცვლილება განიცადა – იგი სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა. სავარაუდოდ, ეს „გარდამავალი“ გადაწყვეტილება იყო – დიუმინს თავდაცვის სამინისტროში უფრო მაღალ თანამდებობას უმზადებდნენ, თუმცა ამისთვის აუცილებელი იყო სახმელეთო ჯარებში სამსახურის ხანმოკლე ცენზის მიღება. 2015 წლის 11 დეკემბერს მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს, ხოლო უკვე 24 დეკემბერს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

თუმცა ამ თანამდებობაზე დიუმინი დიდხანს არ გაჩერებულა. ყოველგვარი ოფიციალური განმარტების გარეშე იგი სამოქალაქო სამსახურში გადაიყვანეს ისე, რომ მოადგილის თანამდებობაზე ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო (ამასთან მნიშვნელოვანი დრო საახალწლო არდადეგებს დაემთხვა). ძირითად ვერსიად დიუმინის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეუთავსებლობა განიხილება. ახალი მოადგილე, როგორც თავად მოიაზრებდა, გახდა არა საბრძოლო მომზადების და სპეცრაზმის, არამედ „სამეურნეო ნაწილის“ (სამშენებლო დეპარტამენტი, სამხედრო მედიცინა, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებლების მშენებლობის კონტროლი) კურატორი. მიუხედავად ამისა, საჯარო სივრცეში შოიგუ დიუმინთან პოზიტიური ურთიერთობების დემონსტრირებას ცდილობს. მისი სიტყვებით, ალექსეი დიუმინი ღირსეული ოფიცერი და გამოცდილი ხელმძღვანელია, რომელსაც სამხედრო გამოცდილება გააჩნია, მათ შორის რთული სპეციალური ოპერაციების ჩატარებაშიც. სამხედრო სამსახურის დროს იგი იყო ძლიერი, ინიციატივიანი და ღირსეული მეთაური.

2016 წლის 2 თებერვალს დიუმინი ტულას ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. იმავე წლის 18 სექტემბერს იგი გუბერნატორად აირჩიეს.

2011 წელს პუტინის მიერ დაარსებულ ღამის ჰოკეის ლიგის მატჩებში დიუმინი მეკარის პოზიციაზე თამაშობს და „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტის ანდრეი კოლესნიკოვის სიტყვებით, ზოგჯერ „წარმოუდგენელ უნარს ავლენს პრეზიდენტის მიერ კარებისკენ ნასროლი შაიბების აცილების მხრივ“. ჰოკეი დიუმინის ინტერესის სფეროს დიდი ხანია წარმოადგენს. მამამისის სიტყვებით, ალექსეის ჯერ კიდევ სკოლაში სურდა პროფესიონალურ სპორტს გაყოლოდა – იგი ვორონეჟის ჰოკეის გუნდ „ბურანში“ მეკარედაც მიიწვიეს. თუმცა მამამ უარი ათქმევინა ამ არჩევანზე და აუხსნა, რომ „თუ დიდი სპორტში წავიდოდა, ყველაფერი – სწავლა, პროფესია უნდა დაევიწყებინა“.

მას შემდეგ, რაც დიუმინი საჯარო პერსონა გახდა, ყურადღება მისი პირადი ცხოვრების მიმართ გაიზარდა. РБК-მ გამოძიებისას დაადგინა, რომ დიუმინის დაჩა ვალდაიზე, სოფელ იაშერევოსთან მდებარეობს. მისი მეზობელი კი ყოფილი ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვია, რომელსაც დიუმინი „კომერსანტთან“ ინტერვიუში აქებს და მადლობას უხდის.

დიუმინის კიდევ ერთი მეზობელია ალექსანდრ კოლპაკოვი. იგი ადრე საბჭოთა КГБ-ს მე-9 სამმართველოში მუშაობდა, ხოლო შემდეგ ФСО-ში პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ კოლპაკოვს ეკუთვნის მიწის აღნიშნული ნაკვეთი ვალდაიზე.

ფედერალურ დონეზე დიუმინი კავშირშია ФСО-ს სხვა ყოფილ თუ ამჟამინდელ მაღალჩინოსნებთან. მათ შორის არიან ФСО-ს დირექტორი დმიტრი კოჩნევი (რომელმაც 2016-2017 წლებში გზა პოლკოვნიკობიდან გენერალ-ლეიტენატობამდე გაიარა), ФСБ-ს დირექტორის მოადგილე ევგენი ზინიჩევი (2016 წელს მცირე ხნით კალინინგრადის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა). The New Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტულას გუბერნატორის უმცროსი ძმის, არტემ დიუმინის ბიზნესპარტნიორია ოლეგ გულუბლიოვი. მისი მამა 2014 წლიდან ვლადიმირ პუტინის კანცელარიის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. შედეგად, დიუმინი წარმოადგენს არა იზოლირებულ ფიგურას, არამედ პრეზიდენტის „ახლო წრის“ სრულფასოვან წევრს.

 

გუბერნატორი

ტულას ოლქში დიუმინის მუშაობის დაწყებისთანავე რეგიონში მასშტაბური პროექტების რეალიზაცია დაიწყო.

უკვე 2016 წელს ტულაში რამდენიმე თვეში აშენდა და გაიხსნა სუვოროვის სასწავლებელი. აღნიშნული სასწავლებელი ქალაქში ჯერ კიდევ 1944 წელს დაარსდა, თუმცა 1960 წელს, ნიკიტა ხრუშოვის დროს, არმიის შემცირების პროგრამის ფარგლებში დაიხურა. დიუმინი გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნიდან მალევე გამოვიდა წინადადებით აღედგინათ სასწავლებელი. 2016 წლის აპრილში მშენებლობისთვის მომზადება დაიწყო, ხოლო 6 მაისს დიუმინმა და შოიგუმ მომავალი შენობის საძირკველში პირველი აგური ჩადეს. რეკორდულად მოკლე დროში აშენდა სამსართულიანი მთავარი შენობა, ორი ოთხსართულიანი საძინებელი კორპუსი, სამსართულიანი სასადილო, სამედიცინო პუნქტი, დახურული სპორტკომპლექსი და სხვა ნაგებობები. საწყის ეტაპზე სასწავლებლის აღსადგენად სახელმწიფომ დაახლოებით 3 მილიარდი რუბლი გამოყო. პირველ წელს სასწავლებელში 240 ადამიანი, მათ შორის 76 ოლქის მოსახლე ჩაირიცხა. 8 სექტემბერს (გუბერნატორის არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე) ობიექტი პუტინმა და შოიგუმ მოინახულეს – ვიზიტის დროს სასწავლებელს დროშა გადაეცა. თუ სუვოროვის სასწავლებლის სწრაფმა მშენებლობამ ფართო გამოხმაურება დაიმსახურა, სხვა პროექტები ნაკლებად „გახმაურდა“ – თუმცა ისინიც დიდ ინტერესს იწვევენ.

მაგალითად 2016 წლის მარტში დიუმინმა წამოაყენა ინიციატივა რეგიონში გაეხსნათ საბავშვო ტექნოპარკების „კვანტორიუმის“ ქსელი, სადაც ბავშვები აზროვნებას და ხელსაქმეს ისწავლიდნენ, ასევე სამომავლო პროფესიას აირჩევდნენ. პიონერთა სასახლეების თანამედროვე ანალოგიების ამოცანებში შედის ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდან მეცნიერების და ტექნიკის მიღწევების გაცნობა და მათში ლიდერული თვისებების გაღვივება. „კომერსანტის“ ინფორმაციით, პირადად პუტინმა მოითხოვა ტულაში აღნიშნული ცენტრის გაკეთება, რომელიც 2016 წლის 29 ნოემბერს სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელის ანდრეი ნიკიტინის მიერ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ნიკიტინმა Regnum-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტულას ოლქთან ურთიერთობა ყოფილი გუბერნატორის ვლადიმირ გრუზდევის დროს დაიწყო, თუმცა საგანგებოდ გაუსვა ხაზი დიუმინის დამსახურებას. დიუმინის ერთ-ერთი მოადგილე, ვიაჩესლავ ფედორინცევი ნიკიტინის პროტეჟედ ითვლება. 2017 წლის თებერვალში ნიკიტინი დიუმინის მსგავსად, გუბერნატორი გახდა – ნოვგოროდის ოლქის. საინტერესოა, რომ დიუმინი და ნიკიტინი შემოდგომაზე გამოცხადებული კრემლის საკადრო კონკურსის „რუსეთის ლიდერების“ მომავალი გამარჯვებულების მასწავლებელთა რიცხვში შევიდნენ (მათი რაოდენობა სულ 8 რეგიონის მეთაურით შემოიფარგლება).

კიდევ ერთ პროექტს ტულაში სერგეი ჩემეზოვის „როსტეხი“ ახორციელებს – იგი დაჩქარებულ ტემპებში ქმნის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრს. წლის ბოლოს ქალაქში ქარხანა „ოქტავას“ ბაზაზე გაიხსნება სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ უმაღლესი ტექნიკური სკოლა. „ოქტავას“ ბაზაზე ინდუსტრიულ-კრეატიული კლასტერის შექმნის ხელშეკრულებას ხელი 2016 წელს მოეწერა. კლასტერი დაიკავებს ქარხნის ტერიტორიის ოთხ სართულს. პირველ სართულზე განთავსდება პროფესიული ბიბლიოთეკა, ხმის ჩამწერი სტუდია და ელექტროსახელოსნო „ფაბლაბი“. მეორეზე – „ადამიანის და დაზგის მუზეუმი“ (სადაც შესაძლებელი იქნება დაზგათმშენებლობის მაგალითზე სახელმწიფოს და მსოფლიოს ისტორიის გაცნობა) და სამუზეუმო მაღაზია. მესამე სართულს უმაღლესი ტექნიკური სკოლა დაიკავებს. მეოთხეზე იქნება ტექნოპარკი „კვანტორიუმი“, ასევე ქოვორქინგ-ცენტრი „დუღილის წერტილი“ და რედაქცია, რომელიც კლასტერის თემატურ გაზეთ – „ოქტავას“ გამოუშვებს.

კლასტერის შექმნაზე მუშაობდა გუნდი, რომელშიც ოცზე მეტი ექსპერტი შედიოდა ურბანისტიკის, საქალაქო დაგეგმარების, კულტურის და ხელოვნების, მარკეტინგის და ბიზნესის სფეროებიდან. პროექტს ხელმძღვანელობს როსტეხის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი, ქარხანა „ოქტავას“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ვასილი ბროვკო. პროექტს ახორციელებს „როსტეხი“ და ინვესტორი მიხაილ შელკოვი, რომელიც ჩემეზოვთან მჭიდრო კავშირშია. მედიის ინფორმაციით, შელკოვმა დიდი როლი ითამაშა „კორპორაცია ავისმას“ ჩემეზოვის კორპორაციის კონტროლის ქვეშ გადასვლაში.

მორიგი მსხვილი პროექტია „ტულას სანაპირო“. იგი გულისხმობს მდინარე უპას სანაპიროს კეთილმოწყობას და მის ირგვლივ ერთიანი ისტორიულ-კულტურული სივრცის შექმნას, ტულას ისტორიული ცენტრისთვის ისტორიული სახის დაბრუნებას. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება ფედერალური ცენტრის მხარდაჭერით 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო, ხოლო უკვე 26 ივლისს მისი პრეზენტაცია შედგა. პროექტის ავტორია პრესტიჟული მოსკოველი არქიტექტორი, არქიტექტურული ბიურო Wowhaus-ის დამფუძნებელი ოლეგ შაპირო, რომელიც დედაქალაქში ყირიმის სანაპიროს და კულტურის და დასვენების პარკის რეკონსტრუქციით გახდა ცნობილი.

ზაფხულობით სანაპიროზე იმოქმედებს გასართობი ზონა საბავშვო და სპორტულ-გასართობი მოედნებით, კაფეებით, ღია კინოთეატრით, ხოლო ზამთრის პერიოდში მდინარის კალაპოტში იფუნქციონირებს სასრიალო მოედანი. სანაპიროს მიმდებარე ქუჩებზე მოხდება შენობების ფასადების რესტავრირება და შეიქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა: კაფეები და რესტორნები, მუზეუმები და გალერეები. სამუშაოების დასრულებას მოკლე ვადებში – უკვე 2018 წლისთვის აპირებენ. პროექტი რეალიზდება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში. ითვლება, რომ ინვესტიციების რაოდენობა დაახლოებით 10 მილიარდ რუბლს შეადგენს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორია უკავშირდება სოფელ კრაპივნას შეკინის რაიონში, რომელსაც გასულ საუკუნეში ქალაქის სტატუსი ჰქონდა. აგვისტოში რუსეთის კულტურის სამინისტრომ განსაზღვრა პირველი ქალაქები, რომელთა ტერიტორიების რესტავრირებაც ქალაქი-მუზეუმების პროგრამის ფარგლებში მოხდება. ასეთი ქალაქები ფინანსური პრობლემების გამო მხოლოდ სამია – ვიბორგი, გოროხოვეცი და კრაპივნა, სადაც მოხდება რამდენიმე ისტორიული ობიექტის რესტავრირება. კერძოდ, ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე აღდგება ყოფილი სახაზინოს შენობა და იქ გაიხსნება მუზეუმი. ასევე რესტავრაცია ჩაუტარდება სათავადო საკრებულოს და ყოფილ სავაჭრო სახლს. რესტავრირებულ შენობებში გაიხსნება არტ-რეზიდენცია, კაფე და სასტუმრო. კრაპივნას რესტავრაციაზე იგეგმება 50 მილიონი რუბლის დახარჯვა. კულტურის მინისტრის მოადგილე ოლეგ რიჟკოვმა ოქტომბერში კრაპივნას მონახულებისას ახალი გეგმების შესახებაც განაცხადა – მდინარე პლავას სანაპიროს მოწყობა და გადასახედი მოედნის აშენება.

პროექტების სიაში, რომელიც დიუმინის დროს რეალიზდება არის სამრეწველო-საწარმოო ტიპის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა „უზლოვაია“ (ОЭЗ ППТ «Узловая»), რომელიც 2016 წლის აპრილში რუსეთის ხელისუფლების განკარგულებით ტულას ოლქის ტერიტორიაზე, ინდუსტრიული პარკი „უზლოვაიას“ სიახლოვეს შეიქმნა. ითვლება, რომ ზონის გაკეთება გამოიწვევს სამი ათასი სამუშაო ადგილის შექმნას და მოიზიდავს 17 მილიარდ რუბლზე მეტ კერძო ინვესტიციებს. სულ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში დარეგისტრიდა 8 განსხვავებული პროფილის რეზიდენტი – გასათბობი კომპლექსიდან და შამპინიონების მოყვანიდან რბილი საქაჩ-კომპრესორული მილების წარმოებამდე.

საინტერესოა, რომ 2016 წლის ზაფხულში პრეზიდენტის საკონტროლო სამმართველოს ხელმძღვანელმა კონსტანტინ ჩუიჩენკომ წარადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც 2006 წლიდან 2016 წლამდე 33 მოქმედი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესაქმნელად 186 მილიარდი რუბლი დაიხარჯა. საპირისპიროდ კი, გადასახადების და საბაჟო გადასახადების სახით მხოლოდ 40 მილიარდი დაბრუნდა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა დროებით შეეჩერებინათ ახალი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების შექმნა. თუმცა ტულას შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს.

რეგიონში ინვესტორების მოსაზიდად დიუმინი 2017 წლის აპრილში ჩინეთში ჩავიდა, სადაც მსხვილი ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. დღეისთვის ტულას ოლში ახალი მაღალტექნოლოგიური წარმოების შესაქმნელად „ევროხიმი“ კომპანია „ჰემჩაინასთან“ საერთო პროექტს ამუშავებს. კიდევ ერთი მსხვილი ჩინური პროექტი, რომელიც რეგიონში უკვე ხორციელდება – კომპანია Great Wall Motor-ის საავტომობილო ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ გრუზდევის დროს შეთანხმდა.

 

მემკვიდრე?

12 ოქტომბერს „Независимая газета“-ში გამოქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ პუტინმა შესაძლოა ბოლო მომენტში უარი თქვას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მხარი დიუმინის კანდიდატურას დაუჭიროს. გუბერნატორების შეცვლის ტალღის ასე განმარტა პოლიტტექნოლოგმა მარინა ლიტვინოვიჩმა.

მან ყურადღება გაამახვილა პირველი არხის და „რუსეთი-24“-ს ეთერის მონიტორინგზე, რომელშიც მოსახლეობას ალექსეი დიუმინს რეგულარულად „მკაფიოდ შემუშავებული მედია-გეგმის ჩარჩოში“ წარუდგენენ. „ნათლად ჩანს, რომ დიუმინის ფიგურაზე სერიოზულად მუშაობენ და მედიაში უკეთ წარმოსაჩენად მას მნიშვნელოვან ფედერალურ პერსონაჟებს უგზავნიან“ – მიიჩნევს პოლიტტექნოლოგი და იქვე დასძენს, რომ „ეს შესაძლოა არაფერსაც არ ნიშნავდეს, თუმცა ერთი ადამიანის გაპიარებაზე რესურსების ასე დახარჯვა მაინც საყურადღებოა“. სტატიაში ასევე საუბარია იმაზეც, რომ პუტინს ურჩევნია ბოლო მომენტამდე შეინარჩუნოს მაქსიმალური შესაძლო ვარიანტები და იშვიათად მოქმედებს ერთი გეგმის მიხედვით. სცენარები პრეზიდენტს, როგორც წესი, რამდენიმე აქვს და ისინი შეიძლება რაღაც დროის განმავლობაში პარალელურად განვითარდეს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დიუმინი ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელის კანდიდატურას წარმოადგენს, თუმცა არა 2018 წელს, არამედ მოგვიანებით. ამავდროულად, დიუმინის ფიგურა შეიძლება აქტუალური გახდეს 2018 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლების ახალი სტრუქტურის (მათ შორის ხელისუფლების) ფორმირების დროს – ამ დროისთვის მას უკვე რეგიონის მართვის ორწლიანი გამოცდილება ექნება. ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ ტულას ოლქში მთელი რიგი პროექტები დაჩქარებულ რეჟიმში ხორციელდება – მათი შედეგი ნათელი უნდა იყოს არა 2021 წელს (დიუმინის ვადის ამოწურვისას), არამედ გაცილებით ადრე, 2017-2018 წლებში. დიუმინის მოსკოვში გადაყვანა სამომავლოდ მის გასაპრეზიდენტებლად გადადგმული მორიგი ნაბიჯი იქნება, თუ რა თქმა უნდა იგი თავს ფედერალურ დონეზეც ღირსეულად წარმოაჩენს.