გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით
საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე ამჯერად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი იკითხება. მისი განცხადებით, ორგანიზაციას კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ განუხორციელებია. მისი განმარტებით, ორგანიზაცია ფინანსურად ეხმარებოდა აქციის მონაწილეებს.
შეგახსენებთ, საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღა.