4 ოქტომბრის საქმე
4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული პირების ნაწილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულმა 13-ვე პირმა ბრალი აღიარა. საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, მათ ერთწლიანი რეალური სასჯელი და სამწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. საუბარია გიორგი კირვალიძეზე, სიმონ მახარაძეზე, კახაბერ კვაჭანტირაძეზე, გია თოლორაიაზე, მიხეილ თოლორაიაზე, ავთანდილ თოფჩიშვილზე, იური ლომიძეზე, დავით გიუნაშვილზე, გიორგი ტალახაძეზე, ბექა მაჭავარიანზე, მანუჩარ მიქელაძეზე, საბა კორძაიაზე და კობა ეპიტაშვილზე.
ბრალი მათ რამდენიმე მუხლით ჰქონდათ წარდგენილი – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. მათგან ნაწილს, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსებს სასჯელი უკვე განესაზღვრათ, საპროცესო შეთანხმება კი 35 პირთან გაფორმდა.