ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს 18 აგვისტოს შეხვდებიან – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს და ამბობს, რომ ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები ომის დასრულებასთან დაკავშირებით ყველა დეტალს განიხილავენ.
მანამდე კი ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ზარი თავდაპირველად ორმხრივი იყო, შემდეგ კი მათ ევროპელი ლიდერები შეურთდნენ. მათ შორის იყვნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, პოლონეთის ლიდერები და ნატო-ს გენერალური მდივანი. სატელეფონო საუბარი, ჯამში, საათ-ნახევარი გაგრძელდა, საიდანაც ერთი საათი სწორედ ტრამპისა და ზელენსკის ორმხრივ საუბარს დაეთმო. უკრაინის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ უკრაინას, შტატებსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ ტრამპის შეთავაზებას მხარს უჭერს.