ზეიმი გათავისუფლებულ ხერსონში

უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლა მოქალაქეებმა და უკრაინელმა სამხედროებმა ერთად იზეიმეს. ქალაქის ქუჩებში აჟღერდა უკრაინის ეროვნული ჰიმნიც. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ხერსონი ერთადერთი ადმინისტრაციული ცენტრი იყო, რომლის დაკავებაც რუსეთის არმიამ 24 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად შეძლო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ უკან დახევა მოუწიათ, რათა რუსი სამხედროების სიცოცხლე გადაერჩინათ. ქალაქიდან გასვლის შემდეგ მათ ტერიტორია დანაღმეს და ხიდები ააფეთქეს. მათ შორის არის ანტონოვსკის ხიდი, რომელზე გადაადგილებაც შეუძლებელია. ხერსონის უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნება ხერსონიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა და უკრაინის სხვა მოქალაქეებმა აღნიშნეს კიევშიც. მაიდანზე შეკრებილებმა მადლობა გადაუხადეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიღწეული წარმატებისთვის.