მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყანა და 2 900-მდე სპორტსმენი – მილანი და იტალიის ზამთრის საკურორტო ქალაქი კორტინა ახლა წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენის ეპიცენტრია. ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ლეგენდარულ „სან-სიროზე“ გაიმართა, რომელსაც 75 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. ღონისძიებაში 1 250 მოხალისე შემსრულებელი და 500-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობდა, მათგან ყველაზე უმცროსი კი მხოლოდ ათი წლის იყო.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ორ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში რვა სპორტსმენი წარადგენს, საკუთარი მოკლე შესრულებით კი ოლიმპიადაზე სულ ცოტა ხანში 2026 წლის ევროპის ჩემპიონი – მოციგურავე ნიკა ეგაძე იასპარეზებს.
უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, მილანის ოლიმპიადის შეჯიბრებებზე მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით დაიშვებიან რუსი სპორტსმენები, ხოლო უსაფრთხოებას რაც შეეხება, იტალიის შსს-ის ინფორმაციით, ოლიმპიადის მსვლელობას 6 000 თანამშრომელი დაიცავს.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს ცნობილ ანტიკურ ამფითეატრში, „არენა დი ვერონაზე“ დაიხურება. ოლიმპიადის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი და „პირველი არხი – სპორტი“ უზრუნველყოფს.