ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა გერმანიის ბუნდესტაგს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს მიმართა ონლაინფორმატში: „მოგმართავთ ქვეყნიდან, სადაც რუსეთი დაუნდობლად ბომბავს და ანადგურებს ყველაფერს, – სკოლებს, საავადმყოფოებს, ეკლესიებს. ამ სამი კვირის განმავლობაში 108 ბავშვი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაშავდა რუსული აგრესიის შედეგად, სანქციები კი საკმარისი არაა, სანქციები დაგვიანებულია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან გერმანულ კომპანიებსა და პოლიტიკოსებს ასევე მადლობა გადაუხადა, რომელთაც, მისი თქმით, მორალური ვალდებულება რუსულ ფულზე მაღლა დააყენეს. ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ გერმანიის თავშეკავებული პოზიცია ზელენსკიმ კედელს შეადარა და აღნიშნა, რომ ეს კედელი უნდა დაინგრეს. მან გერმანიის კანცლერს სთხოვა, რომ შეაჩეროს ომი.