ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეიძლება მალე დავადგინოთ რუსი სამხედროების დანაშაულებთან კავშირში მყოფი ყველა პირი, ვაკეთებთ ყველაფერს მათ დასასჯელად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში. პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის ცნობილია ბუჩაში მოკლული 300-ზე მეტი ადამიანის შესახებ, თუმცა მსხვერპლის რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხი განიხილა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ავსტრიის კანცლერსა და პოლონეთის პრეზიდენტთან. მისივე ინფორმაციით, უკრაინა ემზადება ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით ოკუპანტების უფრო სასტიკი ქმედებებისთვის. მან ასევე მოუწოდა დასავლეთს შეიარაღების მიწოდებისკენ.