ვოლოდიმირ ზელენსკი ვიშეგოროდში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი კიევის ოლქის ქალაქ ვიშეგოროდში იმყოფებოდა, სადაც 23 ნოემბერს, რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა. მათ შორის ოთხი ბავშვია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული ოთხსართულიანი სახლი დაათვალიერა.

ზელენსკი ასევე მივიდა სპეციალურ პუნქტში, სადაც მოქალაქეებს ენერგოკრიზისის პირობებში შეუძლიათ, გათბნენ, დატენონ ტელეფონები და ინტერნეტით ისარგებლონ. „უძლეველობის პუნქტების“ სახელწოდებით ამგვარი დაწესებულებები უკრაინის სხვადასხვა ქალაქშია მოწყობილი.