ვლადიმერ პუტინის განკარგულება

უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, კრემლი სუვერენული სახელმწიფოს მიწების ანექსიაზე გადავიდა. რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ოლქების დამოუკიდებლად აღიარება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მოხდა.

განკარგულების მიხედვით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს აღიარება ამ ოლქებში მცხოვრები ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გათვალისწინებით მოხდა, რომლებიც 2022 წლის 27 სექტემბერს გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ვლადიმერ პუტინი ხელს მოაწერს განკარგულებას უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთთან მიერთების შესახებ. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს პუტინის მცდელობას უკრაინის ტერიტორიების მიერთებაზე და არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს.