ვიტაუტას კერსანსკასი - დეზინფორმაციასთან და ყალბ ამბებთან საბრძოლველად მარტივი და სწრაფი გზა არ არსებობს, ეს გრძელვადიანი სტრატეგიაა

17 იანვარს სოციალურ ქსელ ფეისბუქიდან და ინსტაგრამიდან ასობით გვერდი, ჯგუფი და ანგარიში წაშალეს. ყველა ეს გვერდი, ჯგუფი და ანგარიში იმართებოდა რუსეთიდან, კოორდინირებულად მოქმედებდა და სხვადასხვა ქვეყნების აუდიტორიაზე გათვლილ ინფორმაციას ავრცელებდა. მათ შორის იყო რამდენიმე, რომლის სამიზნე აუდიტორია ქართველი მომხმარებლები იყვნენ. 

როგორც ფეისბუქში განმარტეს, ანგარიშების და გვერდების უმრავლესობა  რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ თანამშრომლებს ეკუთვნოდათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო რუსეთიდან მომავალი ყალბი ინფორმაციის და კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიის მსხვერპლი ხდება. შარშან რუსული მედია მთელი წლის განმავლობაში ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაზე. ყალბ ამბებთან ბრძოლის მნიშვნელობასა და მეთოდებზე გვესაუბრება ჰელსინკიში მდებარე ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგო ევროპული ცენტრის თანამშრომელი ვიტაუტას კერსანსკასი.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა?

ამ კითხვაზე პასუხს დავიწყებდი იმ ამოცანებზე საუბრით, რომელიც იმ სახელმწიფოებს აქვთ დასახული, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს ესხმიან თავს. მათი ამოცანაა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის უთანხმოების გამოწვევა, დაძაბულობის ესკალაცია საზოგადოებასა და მთავრობას შორის, ასევე მოკავშირე ქვეყნების დაპირისპირება. ეს არის გამოწვევა ჩვენთვის და მთავრობისთვისაც, რადგან ჩვენ გვსურს, რომ მოქალაქეები მიუკერძოებლად ფიქრობდნენ, გადაწყვეტილება საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღონ და არა მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების კარნახით. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას და ყალბ ამბებს, რადგან ის ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მოქალაქეთა აზროვნებაზე.  მეტიც, არსებობს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებმა სხვა სახელმწიფოების კარნახით დაიწყონ მოქმედება. მაგალითად, არჩევნებში ხმა მისცენ უცხო ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ან მიიღონ მონაწილეობა ისეთ საპროტესტო აქციაში, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, რომ ასე მოხდეს.

წელს დაგეგმილია ევროპარლამენტის არჩევნები და ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე. არსებობს თუ არა ახალი მექანიზმები, რომელთა ამოქმედებასაც ევროკავშირი გეგმავს?

დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მარტივი, მკაფიო და სწრაფი გზა არ არსებობს. ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია. ევროკავშირში ეს საფრთხეები რეალურად მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ აღიქვეს. 2015 წელს შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული ჯგუფი, თუმცა ამ ჯგუფს ამ დრომდე მცირე რაოდენობით თანამშრომელი ჰყავს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი არის ამ ჯგუფის დაფინანსების გაორმაგება.  თუმცა, ასევე აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების და მედიაგანათლების ამაღლება. ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც თაღლითები ფულს მოტყუებით გვართმევენ, იგივე ეხება ინფორმაციასაც. არავის მოეწონება, როდესაც აღმოაჩენს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. არანაკლებ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ნაბიჯები, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ყალბ ამბებს. კანონში უფრო მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული, რა არის ყალბი ახალი ამბავი, რა არის დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებაც აკრძალულია და რომელსაც სწრაფად წაშლიან საინფორმაციო ველიდან ისე, რომ ეს ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიამდე არ მიაღწევს.

თქვენ ახსენეთ საკანონმდებლო ჩარჩო. ჩვენ ვნახეთ, რომ საფრანგეთმა მიიღო კანონი ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ, თუმცა ამას მოჰყვა კრიტიკა? თქვენი აზრით, სად გადის წითელი ხაზი ყალბ ამბებთან ბრძოლასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის?

დიახ, ეს სერიოზული გამოწვევაა, საფრანგეთმა და გერმანიამაც მიიღო ასეთ კანონი, თუმცა დებატები ამ საკითხზე ორივე ქვეყანაში დღემდე გრძელდება. ლიეტუვაში მაგალითისთვის ახლაც მიმდინარეობს მსჯელობა მსგავსი კანონის გამკაცრებაზე. მიმდინარეობს მსჯელობა ყალბი ახალი ამბის, დეზინფორმაციის განმარტებასა და მათი გავრცელებისთვის სასჯელზე. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის აუცილებელია არსებობდეს ნდობა. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ ხშირად ნაკლებად დემოკრატიული პოლიტიკოსები, საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ ამ ბრძოლას და ცდილობენ მედიის ცენზურას. ისინი ამას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ამართლებენ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია სერიოზული დისკუსიის გამართვა. კანონში ტერმინოლოგია უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული. ყალბ ამბად არ შეიძლება ჩაითვალოს რომელიმე პოლიტიკოსის ან ჟურნალისტის პოზიცია. ყალბი ამბავი უნდა იყოს გამოგონილი, ყალბი ფაქტი. ახალი ამბები და მოსაზრებები მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული. ასევე აუცილებელია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ამ საკითხებს ზედამხედველობას გაუწევს. ამასთან, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ნებისმიერი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

გვითხარით, რამდენიმე მარტივი რჩევა, რომლითაც ყალბი ამბავი უნდა ამოვიცნოთ და თავი დავიზღვიოთ მისი გავრცელებისგან…

მე პირადად, როდესაც ვხედავ რაიმე საეჭვო ახალ ამბავს, რომელსაც სოციალურ ქსელებში ავრცელებენ, პირველ რიგში, ვამოწმებ წყაროს. ეს საკმაოდ მარტივია, გუგლში ადვილად მიაგნებთ ინფორმაციას ნებისმიერი გამოცემის შესახებ. შემდეგ ვუყურებ ავტორის სახელსა და გვარს. თუ სტატიას არ ჰყავს ავტორი, მაშინ არსებობს დიდი შანსი, რომ ეს ყალბი ახალი ამბავი იყოს. ასე იქცევიან „რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი“. ისინი ხშირად არ უთითებენ ავტორს. შემდეგ აუცილებლად ვაკვირდები სტატიაში მოყვანილი ციტატების ავტორებს. თუ პუბლიკაციაში წერია, რომ  ბრიტანელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს რაღაცის დამადასტურებელი საბუთი, მაშინ აუცილებლად იქნება მითითებული ამ მეცნიერის სახელები და კვლევა. თუ ეს ასე არ არის, ეს უბრალოდ სიცრუეა. ამის შემდეგ ვამოწმებ ამ ინფორმაციას სხვა უფრო სანდო მედიასაშუალების ვებ გვერდებზე. რაც მთავარია, თუ ახალი ამბავი არ არის სანდო, სოციალურ ქსელში კომენტარის გაკეთება და მისი გაზიარება არ არის სასურველი.