ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება არ სრულდება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის მოთხოვნა უგულებელყოფილია.

ევროპის უმსხვილესი სადგურის უსაფრთხოების დაცვა გახდა ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ჩასულ გაერო-ს გენერალურ მდივანს, უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე, თუმცა ობიექტი კვლავ მაღალი რისკის ზონად რჩება. ახლა ყველა ზაპოროჟიეს სადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩასვლას ელოდება, რაზეც, გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება უკვე არსებობს. კიევის მოთხოვნაა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ გადასულ სადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის მხრიდან ჩავიდნენ, რუსეთმა კი მისია არ დაბლოკოს და ტერიტორიიდან საკუთარი სამხედროები დაუყოვნებლივ გაიყვანოს. სადგურის მიმდებარე ტერიტორიების ინტენსიური დაბომბვის გამო ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საფრთხე სულ უფრო იზრდება. ახლომდებარე დასახლებები მოსახლეობისგან იცლება.