ვითარება ყარაბაღში

ყარაბაღში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პირველ მოლაპარაკებებს ზოგიერთ საკითხებზე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. ამის პარალელურად, ბაქოში ამბობენ, რომ ყარაბაღში შეიარაღებული ფორმირებები პოზიციების დატოვებას განაგრძობენ. გარდა ამისა, ყარაბაღში დისლოცირებული რუსი სამხედროები იუწყებიან, რომ ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებმა შეიარაღების ჩაბარება დაიწყეს.

როგორც რუსი სამხედროების ტელეგრამარხზეა აღნიშნული, „ამ ეტაპზე ყარაბაღის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ჩააბარეს 800 ერთეული საბრძოლო იარაღი, ყუმბარები, ნაღმმტყორცნები, ანტისატანკო რაკეტები და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი“. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ყარაბაღის სამხედრო ფორმირებების მიერ იარაღის ჩაბარებისა და პოზიციების დატოვების პროცესი ევლახში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია განიარაღებას 20 სექტემბერს დათანხმდა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს რეგიონში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო.