ვითარება უკრაინაში - ომის 433-ე დღე

უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების 433-ე დღეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ძალებმა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და და მარიინკის მიმართულებებზე მტრის 40-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. საბრძოლო მოქმედებებს ეპიცენტრი ისევ ბახმუტი და მარიინკაა. თეთრი სახლის შეფასებით, დეკემბრის შემდეგ, ბახმუტისთვის ბრძოლაში 20 000 რუსი სამხედრო დაიღუპა, მათგან დაახლოებით ნახევარი „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები იყვნენ. ჯონ კირბის განცხადებით, ეს მონაცემები ამერიკის დაზვერვის შეფასებას ეყრდნობა. „დონბასში რუსეთის ბახმუტიდან შეტევის მცდელობა ჩავარდა. რუსეთმა ვერ შეძლო, რაიმე რეალური სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავება“, – განაცხადა კირბიმ.