ვითარება უკრაინაში
რუსულმა ძალებმა ღამით უკრაინაზე იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა თავდასხმა ხომალდსაწინააღმდეგო, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე, 166 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელეს. მათივე ცნობით, ძირითადი დარტყმები კიევისა და ოდესის რეგიონებისკენ იყო მიმართული.
რუსეთის იერიშებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსკოვმა კიევზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა მაშინვე დაიწყო, როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო წარმომადგენლები უკრაინის დედაქალაქიდან წავიდნენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საცხოვრებელ შენობებზე დარტყმის შემდეგ განხორციელებული დარტყმები, სხვა არაფერია, თუ არა უაზრო ტერორი. ამასთან, სიბიგამ მოუწოდა უკრაინის პარტნიორებს, სწრაფად იმოქმედონ უკრაინელი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.