ვითარება უკრაინაში

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ბერდიანსკში, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ჯერ მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია. კიევში აცხადებენ, რომ გენშტაბი ინფორმაციას უახლოეს ხანში გაავრცელებს. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ახალი განცხადება გააკეთა უკრაინის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. მისი თქმით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის სამხრეთში განადგურებულია რუსი დივერსანტების შვიდი ნავი. მისივე ცნობით, უკრაინელები განაგრძობენ მტრის უკუგდებას ხერსონის ოლქში დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, რათა ოკუპანტებმა ვეღარ შეძლონ მარჯვენა სანაპიროს დაბომბვა. რუსეთის მიერ ხერსონის ოლქში განხორციელებულ საავიაციო დარტყმებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ერთი დაიჭრა. ოკუპანტების სროლის შედეგად უკრაინის შვიდ ოლქში, ათასობით მოქალაქე დენის გარეშე დარჩა.

პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რუსეთში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შესახებ. კერძოდ, დაიბომბა ბელგოროდის ოლქი. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ თავდასხმის შედეგად ბელგოროდში 20 სახლი დაზიანდა.