ვითარება უკრაინაში

ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რვა დაშავდა კრამატორსკზე მიტანილი იერიშის შედეგად. რუსი ოკუპანტები შეტევებს არ წყვეტენ. ისევ დაძაბულია ვითარება დონბასშიც. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 11 სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონბასში მიმდინარე ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ის შანსს აძლევს უკრაინასა და ევროპას, რომ დაიბრუნონ უსაფრთხოება. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა 164 910 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 710 სამხედრო გასული დღის განმავლობაში – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დღემდე რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 5 332 ტანკს, 6 853 ჯავშანმანქანას, 2 568 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 305 საბრძოლო თვითმფრინავს და 290 ვერტმფრენს, 5,408 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 159 უპილოტო საფრენ აპარატს, 262 ერთეულ სპეცტექნიკას, 907 ფრთოსან რაკეტას.