ვითარება უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი კვლავ იღებს დანაკარგებს და აქვს რიგი პრობლემები დანაყოფების ცოცხალი ძალით შევსებასთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა ნაწილობრივ გაანადგურეს და შეაჩერეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 437-ე სასწავლო პოლკისა და 26-ე სატანკო პოლკის შენაერთების წინსვლა, მათი დანაკარგები ზუსტდება.

გენშტაბის ცნობით, იმის გამო, რომ ოკუპანტებმა მნიშვნელოვნად ამოწურეს ადამიანური რესურსები, რუსეთის ფედერაცია იძულებულია, საკადრო საკითხებში უკიდურეს ზომებს მიმართოს. ისინი აწარმოებენ ფარულ მობილიზაციას, იწვევენ ე.წ მოხალისეებს, წვევამდელებსა და იუნკრებს, ასევე დაქირავებულებს სირიის არაბთა რესპუბლიკიდან. გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, 18 მარტამდე პერიოდში ოკუპანტების პირადი შემადგენლობის დანაკარგებმა 14 200-მდე სამხედრო და ასეულობით სამხედრო ტექნიკა შეადგინა. ამის მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინულ ქალაქებზე შეტევას განაგრძობენ. ომის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. აფეთქების ხმა ისმოდა ლვოვში. გავრცელებული ცნობით, რუსულმა ძალებმა აეროპორტის ტერიტორიაზე ჭურვი ჩააგდეს. ასევე, სევეროდონეცკში საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს თავშესაფარი, სადაც ქალები და ბავშვები  იმყოფებოდნენ.