ვითარება თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში

თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში კვლავ სროლის ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ტელეგრამარხებით ავრცელებს. სროლის ხმა ისმოდა დასახლება კოლბასნასთან, სადაც სამხედრო საწყობებია განლაგებული. მედიის ცნობით, სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. დასახლება კოლბასნა რიბნიცკის რაიონში, უკრაინის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე 25 და 26 აპრილს აფეთქებებისა და სროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა. მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის შიგნით მოქმედი ძალები სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ. მომხდარის გამო, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, დაიკავოს დნესტრისპირეთი, თუ მოლდოვიდან შესაბამისი მიმართვა იქნება. არსეტოვიჩი დნესტრისპირეთში ვითარების გამწვავებას რუსეთის პროვოკაციად მიიჩნევს და ამბობს, რომ მოლდოვა შეიძლება, რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს.