ვითარება რუსეთ-უკრაინის საზღვართან

„სულ ცოტა მოთმინება იქონიეთ, რამდენიმე დღე დაიცადეთ და რუსეთის ტერიტორიაზე ისევ გვიხილავთ“, – ეს განცხადება „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერმა, „უაით რექსის“ სახელით ცნობილმა, დენის კაპუსტინმა განაცხადა. მან საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს, რუსეთის საზღვართან, უკრაინის ტერიტორიაზე უპასუხა. მისი თქმით, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ოპერაციის გაფართოებას აპირებს, თუმცა, სამომავლო მოქმედების დეტალებზე არ უსაუბრია. შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მათ ბელგოროდზე თავდასხმისას ამერიკული ტანკები, – კაპუსტინმა უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა, მათ ამერიკული ტანკები ჰქონოდათ, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის. მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს ისინი დამოუკიდებლად იღებენ.

რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებებს, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერის თქმით, ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში არიან და საჭიროების შემთხვევაში მათ ეხმარებიან. შეხვედრაზე ჟურნალისტებს ბელგოროდის ოლქში შეჭრისას ხელში ჩაგდებული ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანტრანსპორტიორი წარუდგინეს და განაცხადეს, რომ ჰყავთ ერთი ტყვე და რომ მათ რიგებში არიან დაჭრილები.