ვითარება ქაბულში

ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესი გრძელდება. თვითმხილველთა განცხადებით, „თალიბანმა“ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული რეგულაციების დაწესება დაიწყო. დღეს დილიდან ქაოტურად შეკრების ნაცვლად, აეროპორტთან გრძელი რიგები ეწყობა. გასულ ღამეს, ქალაქიდან 300-მდე ადამიანი გამოიყვანა ავსტრალიამ. მათ შორის როგორც მათი ქვეყნის, ასევე ახალი ზელანდიის, ამერიკის, გაერთიანებული სამეფოსა და ვიზის მქონე ავღანეთის მოქალაქეებიც არიან.

აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე, ასევე სროლისა და ჭყლეტვის შედეგად, საერთო ჯამში გარდაცვლილია სულ მცირე 12 ადამიანი. ტერიტორიაზე უსაფრთხოებას 5 800-მდე ამერიკელი ჯარისკაცი უზრუნველყოფს. შეერთებულმა შტატებმა გასული ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნიდან 18 000-მდე ადამიანი გაიყვანა. ბაიდენის ადმინისტრაცია ახლა ევაკუაციის პროცესში სამოქალაქო  თვითმფრინავების ჩართვის საკითხს განიხილავს.

ევროკავშირის ლიდერებმა ესპანეთში ის ჰაბი მოინახულეს, სადაც ავღანეთიდან ევაკუირებული მიგრანტები ჩაჰყავთ. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მათი მორალური ვალდებულებაა, დაეხმარონ ავღანელებს. სწორედ მათი სიცოცხლის გადასარჩენად, ევროკავშირი „თალიბანთან“ ტექნიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ცხადია, პოლიტიკურ დიალოგს არ გულისხმობს.

დატოვე კომენტარი