ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

ნინოწმინდის პანსიონში, სადაც სავარაუდო ძალადობის საქმეზე გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება, ცოტა ხნის წინ 40 არასრულწლოვანი მიიყვანეს. მოზარდები დაწესებულებაში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომიამ ჩაიყვანა. დამატებითი განმარტებები სოციალური ქსელით გაავრცელა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა და აღნიშნა, რომ ბავშვები, რომლებიც წმინდა გიორგის სახელობის კარატისტთა ჯგუფის წევრები არიან, პანსიონატში სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის მხარდასაჭერად მიიყვანეს. ისინი სააღმზრდელო დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან.

პანსიონში ამ დროისთვის 24 ბენეფიციარი იმყოფება. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები და  ფსიქოლოგები. თუმცა სახალხო დამცველის აპარატს მონიტორინგის საშუალება ისევ არ ეძლევა.

პარალელურად ცნობილია, რომ საპატრიარქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რომლითაც სოციალურ სამსახურს დაწესებულებაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანა დაევალა.