ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

კოპენჰაგენში მოქმედი წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო საბჭო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო საბჭოს განცხადებაში, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით, საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშთა მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე.

საბჭოს დირექტორის, ასგერ კაერუმის განცხადებით, რაც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ხდება, წამება და არაადამიანური მოპყრობაა.

„ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება, რომელმაც მუდმივი მონიტორინგი უნდა განახორციელოს და აღკვეთოს არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ამჟამად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და ძალადობის მუხლით“, – აცხადებენ საბჭოში.

ამასთან, მათი ინფორმაციით, მართლმადიდებელი ეკლესია ხელს უშლის სახელმწიფო სააგენტოებს ბავშვთა სახლში შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში.

საბჭო საქართველოს ხელისუფლებას საკითხის სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტებით გამოძიებისკენ მოუწოდებს. ასევე, საბჭოს განცხადებით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ ბავშვების რეაბილიტირება, რომლებიც პირდაპირი თუ ირიბი გზით გახდნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი.

დატოვე კომენტარი