ვითარება მარიუპოლში

თითქმის სამთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მარიუპოლის დაცვა შეწყდა. არსებული ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის ტერიტორია დატოვეს. თუმცა ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ ის და სხვა ხელმძღვანელი პირები რჩებიან ადგილზე. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა მისი ტყვედ ჩაბარების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ქარხანა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების გაყვანის ოპერაცია სამი დღეა გრძელდება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, რუსულ მხარეს „აზოვსტალში“ მყოფი 1908 ადამიანი ჩაბარდა. გარდა ამისა, საწარმოდან 177 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 85 ქალი და 47 ბავშვი გავიდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვის მიხედვით კი, ტერიტორია დაახლოებით 1700-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანა დატოვა და ახლა უცნობია, რამდენი ჯარისკაცი რჩება ადგილზე. ბატალიონ „აზოვის“ მეთაურის განცხადებით, მათ პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენის და მარიუპოლის დაცვის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს.