ვითარება მარიუპოლში

ალყაში მოქცეულ მარიუპოლს რუსული ძალები დღეიდან დაკეტავენ, ქალაქში დარჩენილ კაცებს კი ოკუპანტების შემოწმების გავლა მოუწევთ. ამ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი ავრცელებს. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის შიგნით გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს. მერის მრჩეველი ამბობს, რომ ასობით მოქალაქეს რიგში დგომა უწევს დოკუმენტის ასაღებად, რომლის გარეშეც არა მხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩაში გასვლაც კი არ შეეძლებათ. რუსებმა მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს ულტიმატუმი კიდევ ერთხელ წაუყენეს და მათ დანებებისთვის დრო მისცეს.

მარიუპოლში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქიდან ათეულობით ათასი ადამიანი რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს, მათ შორის 5 000 ბავშვია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს.