ვითარება ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე

ავტომანქანების კოლონა და გრძელი რიგები რუსეთ-საქართველოს საზღვარზე – ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მოქალაქეთა ნაკადები პიკს აღწევს. რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყნიდან მასობრივი გადინება გრძელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ თუ შემომსვლელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, მათი საზღვარზე გატარება ვეღარ მოხერხდება. რიგების და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ხანგრძლივი პროცედურების გამო მოქალაქეთა დიდი ნაწილი საზღვარზე ფეხით გადმოდის. ადგილზე პოლიციის დამატებით ძალებთან ერთად უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფებიცაა მობილიზებული. კონტროლი გამკაცრდა სასაზღვრო მონაკვეთის რუსეთის მხარესაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც სამხედრო გაწვევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, უკან აბრუნებენ. რუსული მედიის ცნობით, საზღვრის რუსეთის მხარეს გაწვევის ოპერატიული ჯგუფი მუშაობს და გაწვევას დაქვემდებარებულ მოქალაქეებს უწყებებს გადასცემს.