ვითარება ირანში 

ირანში ვითარება სულ უფრო რთულდება. მასშტაბური ანტისამთავრობო აქციებისას დაღუპულთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ქვეყნის გარეთ მყოფი აქტივისტები იტყობინებიან. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. მედია წერს, რომ დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, 20 ათასსაც აღწევდეს. ზუსტი ცნობების დადგენას უინტერნეტობა და სატელეფონო ზარებზე შეზღუდული წვდომა ართულებს.

ირანში მყოფმა წყარომ, რომელმაც მედიასთან დაკავშირება შეძლო, განაცხადა, რომ აქტივისტთა ჯგუფები, სამედიცინო წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაღუპულთა სრული სიის შედგენაზე მუშაობენ. ამავე წყაროს მეშვეობით ირკვევა, რომ უსაფრთხოების ძალები თეირანის მასშტაბით კერძო საავადმყოფოებში მიდიან, მათ პერსონალს ემუქრებიან და აქციების დროს დაშავებულთა სახელებისა და მისამართების მიწოდებას ითხოვენ.