ვითარება ბელგოროდის ოლქში

რუსეთის ბელგოროდის ოლქში უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხოების ზოლი“ იქმნება. განცხადება ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში გააკეთეს. დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსპიკერის განმარტებით, ბელგოროდის ოლქში ოპერაციას რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს“ და „რუსული მოხალისეთა კორპუსი“ ატარებენ. მანამდე ამ ფორმირებების ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ცნობა, რომ ისინი ბელგოროდის ოლქში იმყოფებიან. თავის მხრივს ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა მანამდე თქვა, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლა უკრაინულ დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფთან. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბელგოროდის ოლქში აამოქმედეს საგანგებო გეგმა, რომელიც ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი პირადი შემადგენლობის მობილიზაციას ითვალისწინებს. ბელგოროდში არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთეს კრემლშიც. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, უკრაინული მხარე ამ გზით ცდილობს ბახმუტის მიმართულებიდან ყურადღება გადაიტანოს და ქალაქის დაკარგვით მიყენებული პოლიტიკური ზიანი შეამციროს.