ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ირანი ადასტურებს, რომ ამერიკისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ვაშინგტონისგან პასუხი მიიღო. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-მა ირანს 14-პუნქტიან წინადადებაზე პაკისტანის გავლით გადასცა პასუხი და თეირანი ამჟამად პასუხს განიხილავს. არც თეირანს და არც ვაშინგტონს ჯერ არ განუმარტავთ, რას მოიცავს აშშ-ის პასუხი. მანამდე ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ ირანის მიერ შეერთებული შტატებისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების პირობები გამოაქვეყნა.
პირობებს შორისაა: გარანტიები, რომ შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმას არ განახორციელებს, ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა ირანის გარშემო არსებული რეგიონიდან, ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა და სრუტის მართვის „ახალი მექანიზმის“ შემოღება, ასევე ლიბანში ისრაელ-ჰეზბოლას კონფლიქტის დასრულება, გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლება და ომის 30 დღეში დასრულება – გარდა ამისა, აშშ-ის მიერ შეთავაზებული ორთვიანი ზავის ნაცვლად, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გადავადება ომის დასრულების შემდეგ.