ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ტრამპის წამზომი კიდევ ერთხელ ჩაირთო, მორიგი ულტიმატუმი და 48-საათიანი ვადა – აშშ-ის პრეზიდენტი ირანს შეთანხმებისთვის ორ დღე-ღამეს აძლევს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრება. ირანს არასდროს უთქვამს უარი პაკისტანში მოლაპარაკებების გამართვაზე. ასეთია საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა მხოლოდ ომის საბოლოოდ დასრულებას დაეთანხმება და არა ცეცხლის შეწყვეტას.

ომი კი ისევ გრძელდება. „ბუშერის“ ატომურ ელექტროსადგურთან დარტყმის შედეგად დაიღუპა დაცვის თანამშრომელი, თავად სადგური არ დაზიანებულა, თუმცა, „ბუშერის“ სიახლოვეს იერიშები სერიოზულ რადიაციულ საფრთხეს ქმნის. ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ დარტყმებს არ ადასტურებენ აშშ-სა და ისრაელში.

პარალელურად, ირანის თავზე ჩამოაგდეს ამერიკული „F-15“ ტიპის გამანადგურებელი. ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინეს, მეორე წევრის სამძებრო ოპერაციას კი ამერიკული ძალები აგრძელებენ. მფრინავს ეძებენ ირანელებიც, ჯილდოდ კი 70 ათას დოლარს ჰპირდებიან მას, ვინც „F 15“-ის ეკიპაჟის დაკარგულ წევრს იპოვის. ოპერაციის გამო, ისრაელმა ირანზე დაგეგმილი იერიშების ნაწილი გადადო. ირანის მიერ „ჰორმუზის სრუტის“ ბლოკირების გამო, კვლავ სერიოზულ ზარალს განიცდის მსოფლიო ეკონომიკა. შექმნილი კრიზისის ფონზე, უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირს მოუწოდებენ, რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე სანქციები მოიხსნას.