ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ რთულია. 70 ადამიანი დაიღუპა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მდებარე ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები ღაზას ცენტრალურ გზებს ბომბავდნენ, რაც ხელს უშლიდა სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილებას.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს კადრები, სადაც ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩენილი „ჰამასის“ მებრძოლთა გვირაბი ჩანს. ნაპოვნია ისრაელელი ტყვეების ხუთი ცხედარი. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. მათივე ცნობით, გამოკვლევის შედეგად, გვირაბების ორი ქსელი და ლიფტია აღმოჩენილი, რომელიც ათი მეტრის ქვემოთ, დიდ დარბაზსა და სამეთაურო ცენტრამდე ჩადის.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გვირაბის ორ ქსელს ჰქონდა მრავალი ფილიალი, რომლებსაც „ჰამასი“ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად იყენებდა. მათ შორის იყო რამდენიმე გვირაბი, რომელიც ახლომდებარე სკოლისა და საავადმყოფოს ქვეშ გადიოდა. როგორც ცნობილია, გვირაბების ქსელი, ტერიტორიის შესწავლის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ომს მძიმე ფასი აქვს. მისი თქმით, ისრაელელი ხალხი, მთავრობა და მებრძოლები ერთიანები არიან.