ირანი მოწინააღმდეგე მხარეს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რეგიონში აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ საპასუხო ოპერაციების გამო, სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ. გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც შტატებმა და ისრაელმა ირანში სამრეწველო და ბირთვულ ობიექტებზე არაერთი თავდასხმა განახორციელეს.
ირანის მტკიცებით, ისრაელმა დარტყმები განახორციელა ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანაზე, ელექტროსადგურსა და ბირთვულ ობიექტებზე. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ იმასაც, რომ საუდის არაბეთში შტატების საწვავის შემავსებელი თვითმფრინავები და მათი ლოჯისტიკური მხარდაჭერის ფლოტი გაანადგურეს. თავდასხმა პრინც სულთანის საჰაერო ბაზაზე განხორციელდა. ბაზაზე 15 ჯარისკაცის დაშავებას ადასტურებს ამერიკული მხარე.
პარალელურად, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, საზღვაო ძალებმა დღეს ბუბიანის კუნძულზე ამერიკა-ისრაელის სამხედროების რამდენიმე შეკრების ცენტრი დაბომბეს, რითიც დიდი რაოდენობით ამერიკელი საზღვაო ქვეითები გაანადგურეს.