ვითარება ახლო აღმოსავლეთში

კვლავ რთულია მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, იერიში მიმართულია თეირანში მდებარე „ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ.

პარალელურად, ისრაელი აგრძელებს დარტყმებს ლიბანში – მათი ინფორმაციით, ლიბანში ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლა კვირების განმავლობაში გაგრძელდება. მათივე თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა და მისმა მოკავშირეებმა საფრთხე შეუქმნან ისრაელის სახელმწიფოს. ამასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან გაშვებული დრონები და რაკეტები გაანეიტრალეს. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო თავდაცვამ შეძლო, სულ მცირე, 25 დრონისა და ოთხი ირანული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სულ მცირე, ხუთი დრონი ჩამოაგდეს.