ვითარება ახლო აღმოსავლეთში
სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან ორი კვირა გავიდა, თუმცა, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ჯერ მხოლოდ იმატებს. აშშ-მა იერიში მიიტანა ირანის კუნძულ ხარგზე, რასაც დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ყველაზე მძლავრი დაბომბვა უწოდა. კუნძული ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავარ ნავთობტერმინალს წარმოადგენს, თუმცა, როგორც აშშ-ის ლიდერმა თქვა, ამ ეტაპზე ვაშინგტონმა თავი შეიკავა ნავთობთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განადგურებისგან და სამიზნე მხოლოდ იქ არსებული სამხედრო ობიექტები გახდა.
თავის მხრივ ირანი აგრძელებს საპასუხო იერიშებს ისრაელზე, ასევე არაბულ სახელმწიფოებში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. სარაკეტო იერიშები და დრონების თავდასხმები დაფიქსირდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითსა და ბაჰრეინში. იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც – ირანში გარდაცვლილია 2 000-ზე მეტი ადამიანი, დადასტურებულია 13 ამერიკელი სამხედროს დაღუპვაც.
ამასთანავე, თეირანი კვლავ აგრძელებს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებასაც, გაერო-ში კი აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის გაჭიანურების შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის გაძვირების შემდეგ, მსოფლიო შესაძლოა სასუქისა და სურსათის კრიზისის წინაშეც აღმოჩნდეს.